logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა არის ის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც ამ პროექტს უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა
- +

22 მაისი. 2020. 15:38

 

 

„პანდემიისა და ეპიდემიის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჭირო ღონისძიებების გატარება, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დღეს ღამის 12 საათიდან გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და იხსნება მთელი რიგი შეზღუდვები. თუმცა, ის საკითხები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას და მოწესრიგებას, იქნება გამოწვევა, თუკი მათ არ დავარეგულირებთ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  „რუსთავი2“-ის ეთერში, მისი განმარტებით, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა არის ის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც ამ პროექტს უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა.

 

„ჩვენ პროექტში ასახული გვქონდა, რომ ეს იქნებოდა დროებითი ღონისძიება. ეს იყო მხოლოდ გარკვეული ვადით, მინიმალური, თანაზომიერი ჩარევა ადამიანის გარკვეულ უფლებებში. თუმცა რადგან გაჩნდა შეკითხვები, რომ ხომ არ უკავშირდებოდა ეს გარკვეულ საკითხებს, სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც კანონპროექტში ისედაც ეწერა. მასში  ეწერა ის,  რომ ეს იყო დროებითი ღონისძიება.   ახლა კი კანონპროეტში, მეორე მოსმენის დროს აისახება, რომ  ეს რეგულაციები გაგრძელდება მხოლოდ 15 ივლისამდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდმა გუშინ სახალხო დამცველთან გაიარა  კონსულტაცია და პოზიციები შეაჯერა. მისივე ინფორმაციით,  სახალხო დამცველს ჰქონდა გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები, რომელთა  ძირითადი ნაწილი კანონპროექტში აისახა.

 

„დღეს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც  მიუთითებს, რომ მისი შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული იქნა პროექტში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა,

 

მისი განცხადებით, კანონპროექტში გაწერილი იყო  კრიტერიუმები, რომ ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება.

 

„ჩვენ შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ  საჭირო იყოს, მაგალითად, მიმოსვლის შეზღუდვა იმისთვის, რომ დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე; შესაძლოა შეიზღუდოს სოციალური ღონისძიებები, მაგალითად, ქორწილის გადახდა, რათა არ მოხდეს ეპიდაფეთქება და არ გადაიზარდოს  უმართავ პროცესებში.  კანონპროექტში გვქონდა ასევე, რომ დისტანციურად პროცესები გამართულიყო მაქსიმალურად შეზღუდული ფორმით. ამასთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციას ჰქონდა რეკომენდაცია. ჩვენ ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ და მხოლოდ არასაპატიმრო ღონისძიებების შემთხვევაში ანუ როდესაც პირს აქვს აღკვეთილი თავისუფლება, ან როცა პირს  შეფარდებული აქვს პატიმრობა, მხოლოდ  ამ შემთხვევებში მოხდეს დისტანციურად პროცესების წარმართვა. ჩვენ მივიღეთ მაქსიმალურად  დაბალანსებული მექანიზმი, ადამიანის  უფლებებში მინიმალური ჩარევით და  თუ  ხდება ჩარევა, ის უნდა იყოს კონსტიტუციასთან და ევროპულ კონვენციებთან შესაბამისი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner