logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე აშშ ჩვენთან ერთად დგას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე
- +

4 ივლისი. 2020. 11:55

 

 

„ვულოცავ ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს. აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავისი შინაარსითა და ხასიათით გამორჩეულია. მოყოლებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე აშშ, როგორც მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე, როგორც მთელ მსოფლიოში თავისუფლების დამცველი, ჩვენთან ერთად დგას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

მისი თქმით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, ისე, როგორც არასდროს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ეს სტრატეგიული პარტნიორობა, ისე როგორც არასდროს, უმაღლეს ნიშნულზეა და ხელშესახები შედეგები გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითად მიმართულებაზე - თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი კავშირები და კულტურული გაცვლები. 

 

როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და სანდო მოკავშირეს, ჩვენ გვაქვს აშშ-ის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც თავისი შინაარსითა და თვისობრიობით უპრეცედენტო ხასიათის დოკუმენტში „საქართველოს მხარდამჭერ აქტში“.

 

აშშ-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ დაამტკიცა რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის სანდო პარტნიორი და ძლიერი მოკავშირეა. ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთის მისიაში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ფასდაუდებელია მათი წვლილი და როლი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის განმტკიცებაში.

 

არ შეიძლება, არ აღვნიშნო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული ყურადღება ქართველი ახალგაზრდებისადმი და ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რასაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სახით ამერიკა იჩენს ჩვენი მომავალი თაობისადმი. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, თუ რა სასიკეთო შედეგების მოტანა შეუძლია ჯანდაცვის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის გლობალურ პანდემიასთან გამკლავების კუთხით.

 

მჯერა და მწამს - მტკიცე ფუნდამენტით გამყარებული, მომავალის ენერგიით სავსე  ეს მეგობრობა და პარტნიორობა ურყევია!“ - აღნიშნულია ზალკალიანის მილოცვაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner