logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლაში საქართველო წარმატებულია
- +

6 აგვისტო. 2020. 02:39

 

 

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტისმა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო არის წარმატებული - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ტრადიციად ჩამოყალიბდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და უშუალოდ საქართველოს ოფისის დირექტორთან.

 

„ჩვენ პერიოდულად ვიხილავთ არსებულ საკითხებს, და ვგეგმავთ ერთიან სტრატეგიას. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღას, რეკომენდაციებს და ქმედებებს, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ ის, რომ ეს პოზიტიური შედეგი მივიყვანოთ ბოლომდე. ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო იყო წარმატებული და ის კმაყოფილია როგორც ხელისუფლების ქმედებით, ასევე საზოგადოების დამყოლობით და დამოკიდებულებით, რამაც სწორედ ეს პოზიტიური შედეგი განაპირობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისათვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთობლივად დაგეგმეს, ჯანმოს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა საბაზისო კანონმდებლობა და ამ ნამუშევარმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო ოფისის ხელმძღვანელის მხრიდან. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პროექტი პრაქტიკულად მზადაა და მისი განხილვები ძალიან მალე დაიწყება, ამ მოწვევის პარლამენტში მოხდება მისი ინიცირება და ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ამ სექტორში არსებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ იყოს ამოწურული.

 

„შევეხეთ თამბაქოს შესახებ კანონს და გავაანალიზეთ ის შედეგები, რა პოზიტიური შედეგებიც მოიტანა ამ საკანონმდებლო ცვლილებამ, ჯანმო პერიოდულად ატარებს კვლევებს და ბოლო კვლევებით შემცირებულია თამბაქოს მოხმარება, განსაკუთრებით დაბალი ასაკის მწეველთა შორის, რაც არის განსაკუთრებით კარგი შედეგი. ჯანდაცვის კომიტეტი ჯანმოს-თან ერთად აგრძელებს მოსახლეობაზე ზრუნვას და ჩვენი თანამშრომლობა იქნება ყოველდღიური და შესაბამისი დადებითი ეფექტი ამას აუცილებლად ექნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner