logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საყრდენია შერიგება, ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა
- +

7 აგვისტო. 2020. 11:39

 

 

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით  პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამხედროები, სამართალდამცავები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩემი მშობლიური ქალაქიდან - სენაკიდან აგვისტოს ომს შეეწირა კაპრალი ლევან თეფანია და კაპრალი თემურ ბოკუჩავა, რომლებიც გმირულად დაეცნენ ცხინვალის მისადგომებთან, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები ჯონი და როლანდ ქარდავები, მეირა ინჯგია, რომლებიც ემსხვერპლნენ სენაკზე განხორციელებულ რუსულ ავიადარტყმას. საქართველოში დამატებით გაჩნდა 30 000 დევნილი, უკონტროლო ტერიტორიებს დაემატა ახალგორი და კოდორის ხეობა, 130-ზე მეტი სოფელი. განხორციელდა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და უკანონო აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსული აგრესიის შედეგად დარღვეულია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არამედ სერიოზული საფრთხის წინაშეა რეგიონული და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება.

 

ოკუპანტ სახელმწიფოს კვლავ შეუსრულებელი აქვს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთი აგრძელებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, სამხედრო წვრთნებს, დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, ხელს უშლის ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელებას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას ოკუპირებულ რეგიონებში.

 

უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეთნიკური ნიშნით წამების, არაადამიანური მოპყრობის და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, აგრეთვე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს ე.წ. სასაზღვრო ბაზაზე.

 

თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციის მიზნით ადგილი აქვს გადასასვლელების უკანონო ჩაკეტვას, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს - მავთულხლართების გავლებას და სხვა უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვას. გრძელდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. ოკუპირებულ ცხინვალში კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩებიან ზაზა გახელაძე, ხვიჩა მღებრიშვილი და გენადი ბესტაევი.

 

ქართული კვალის წაშლის მიზნით ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ეთნიკური ქართველების სახლები. სკოლის მოსწავლეებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავაც მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.

 

ოკუპირებული რეგიონებიდან გართულებული ან შეუძლებელია სამედიცინო ევაკუაციები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რითაც გამოწვეულია გარდაცვალების გახშირებული ფაქტები. ყოველივე ეს გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რასაც კიდევ უფრო ართულებს რფ-ს მიერ პანდემიის პერიოდში დაწესებული უკანონო შეზღუდვები და პროვოკაციული ქმედებები.

 

დეოკუპაციისთვის და ქვეყნის გამთლიანებისთვის საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომელსაც აქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

 

ჩვენი პასუხი ოკუპაციაზე არის მშვიდობა, დეესკალაცია, შერიგება და ჩართულობა, საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის გაზრდის და ვალდებულების შესრულების იძულების მიზნით, უწყვეტი განვითარება და ძლიერი ქართული დემოკრატია.

 

 

 

აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეცვალოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, გადადგას ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელი არ შეუშალოს შერიგების პროცესს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების ძალისხმევას.

 

ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საყრდენია შერიგება, ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენი გულები და ფიქრები არის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან - ქართველებთან, აფხაზებთან, ოსებთან, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან. იმ პირობებში, როდესაც საოკუპაციო ძალა ცდილობს ისინი დააშინოს იარაღით და შეაკავოს ხელოვნური ბარიერებით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ყველა შესაძლებლობას ღირსეული აწმყოსა და მომავლისთვის, ყველა სიკეთეს რაც უზრუნველყოფილია მავთულხლართებს გამოღმა მცხოვრები მათი თანამემამულეებისთვის. ჩვენი ნაბიჯები ემყარება მათ საჭიროებებს, მათ სწრაფვას განვითარებისა და უკეთესი მომავლისკენ. კონფლიქტი და დაშორიშორება არ შედის არც ქართველების, არც აფხაზების და ოსების ინტერესებში.

 

საქართველო ყოველდღიურად აძლიერებს დემოკრატიას, ავითარებს ეკონომიკას, სწრაფი ტემპებით მიისწრაფვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ და სარგებლობს ინტეგრაციის პროცესში მიღებული უმნიშვნელოვანესი სიკეთეებით. წარმატებები, რასაც ვაღწევთ, თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამ წარმატებებს ვაღწევთ საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით და ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ - რასაკვირველია ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების სახელით და მათ საკეთილდღეოდ. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქისა და ეთნიკური ჯგუფის ღირსება, უფლებები და იდენტობა. მავთულხლართები, რომლებიც ჩვენ გვყოფს აუცილებლად ჩამოიშლება. ჩვენ გვაქვს საერთო წარსული და ჩვენ ასევე გვაქვს ბევრად უფრო საინტერესო საერთო მომავალი ერთიან ევროპულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ყველა ადამიანის ღირსება და უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - წერს ირაკლი ბერაია.

 

 

right_banner
არქივი
right_banner