logo_geo
eng_logo
გიგი წერეთელი: მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ახალგაზრდობა უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი
- +

13 აგვისტო. 2020. 11:50

 

 

 

„ეუთო-ს რეგიონის ქვეყნებში ახალგაზრდობა, ისევე როგორც ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები, ნაკლებად არიან ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ქმედებებში, როგორიც არის შეიარაღებული კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, ფართოდ გავრცელებული სიღარიბე, უთანასწორობა და ადამიანის უფლებები, ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეოთხედს წარმოადგენენ,  მეტი ჩართულობის შესაძლებლობები მიეცეს“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვებ-ფორუმზე.

 

საერთაშორისო ონლაინ-ფორუმზე, რომელსაც სამარყანდი (უზბეკეთი) მასპინძლობდა, გიგი წერეთელმა   ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ასამბლეა ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რასაც მოწმობს 2018 წელს ბერლინის დეკლარაციაში შესაბამისი რეზოლუცია და მთავრობების მისამართით მომზადებული რეკომენდაციები, სადაც  ახალგაზრდების ჩართულობის და მათი მხარდაჭერის საკითხებია. მისივე განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით 2019 წელს შეიქმნა ახალგაზრდა ლიდერების პლატფორმა, რომელიც აშშ-ის კონგრესის და „ჰელსინკის კომიტეტის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

 

საერთაშორისო ვებ-ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზბეკეთის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელემ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა მიმართეს. გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიით გამოწეული პრობლემები ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო, მაგრამ  ამ კუთხით, ახალგაზრდებისთვის ძალიან გართულდა მათი სამომავლო გეგმების რეალიზება, რაც მათ განათლებას, დასაქმებას და ყოფით პრობლემებს უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ მთავრობებს  შესაბამისი ხედვა და კონკრეტული გეგმები ჰქონდეთ,  რაც ახალგაზრდობას მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner