logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: თუ ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნება, მხოლოდ კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ვემსახურები
- +

6 თებერვალი. 2017. 15:49



საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, ყოველგვარი პოლიტიკური ბმა პარლამენტთან ან ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან" გამორიცხული იქნება.

 

„დიახ, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ვარ დღესაც, მაგრამ თუ ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნება, ყოველგვარი პოლიტიკური ბმა პარლამენტთან, ამ ფრაქციასთან, პარტიასთან არის გამორიცხული და მე ვემსახურები მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას. მოსამართლე არის ადამიანი, თავისი გარკვეული ხედვებით, სიმპათია-ანტიპათიით პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებთან - ეს, რა თქმა უნდა, რჩება გვერდზე და საქმის განხილვისას ემყარები მხოლოდ და მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მხარეთა პოზიციებს, რომელზეც ამყარებ შენს შინაგან რწმენას და კეთილი უნდა ინებო და დაასაბუთო, რას ემყარება ეს შენი შინაგანი რწმენა და მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ თუ მოსამართლეს ავუკრძალავთ იმას, რომ მას რაიმე ტიპის პოლიტიკური სიმპათია ჰქონდეს ან შეხედულებები გააჩნდეს გარკვეულ საკითხებთან, ასეთ ადამიანს უბრალოდ ვერ მოვძებნით. მაშინ შეიძლება, მოსამართლეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ავუკრძალოთ, იმიტომ, რომ ის მიდის და რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხმას, აქვს სიმპათია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა ხელმძღვანელობდეს ამ სიმპათიით - ის უნდა დადგეს ყოველგვარ პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მანანა კობახიძის კანდიდატურის განიხილავს, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner