logo_geo
eng_logo
საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
- +

6 თებერვალი. 2017. 18:19


 

 

2017 წლის 6 თებერვალს, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ მხარეს კონსულტაციებზე ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ბელარუსის დელეგაციას - მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო.


კონსულტაციების ფარგლებში ხაზი გაესვა  ქვეყნებს შორის არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს სექტორული მიმართულებებით. კმაყოფილებით აღინიშნა სხვადასხვა დონეზე ვიზიტების გაცვლის მაღალი დინამიკა და აღნიშნულ კონტექსტში განხილულ იქნა 1-2 მარტს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დაგეგმილი ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში.


შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე. ასევე, ხაზი გაესვა ერთობლივი სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების განხორციელების აუცილებლობას. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, გაააქტიუროს თანამშრომლობა ბელარუსთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში.


ვახტანგ მახარობლიშვილმა  შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს მთავრობის ცალმხრივ კონსტრუქციულ პოლიტიკაზე. ამ კონტექსტში, მან მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner