logo_geo
eng_logo
ჰერბერტ ზალბერი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
- +

19 მაისი. 2017. 19:02



ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


ზალბერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა.


„მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკავშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია", - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.


შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს აღნიშნული „პოსტის" დაკავება მიულოცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზალბერი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.


 

right_banner
არქივი
right_banner