logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძის მოსაზრებით ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდები აქტიურად გამოიყენება
- +

12 ოქტომბერი. 2017. 20:31


საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით დღეს სახეზეა არა მხოლოდ კონვენციური, არამედ ჰიბრიდული საფრთხეები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა ერთიან გადაწყვეტას და მიდგომებს საჭიროებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის უსაფრთხოების მომავალს მიეძღვნა.


საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით თანამედროვე სამყარო უამრავი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა შორის არის მზარდი რაოდენობის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები, რადიკალური ექსტრემიზმი და ტერორისტული აქტების უპრეცედენტო სიხშირე, რასაც ემატება კიბერ საფრთხეები - „დღეს სახეზეა არა მხოლოდ კონვენციური, არამედ  არა-კონვენციური გამოწვევები და ტაქტიკა, რაც გამოიხატება ჰიბრიდულ ქმედებებში აგრესორთა მხრიდან. ცხელი კონფლიქტების რაოდენობა დღითიდღე მატულობს  არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, ისევ ვხედავთ ბირთვულ საფრთხესაც, უპრეცედენტო მასშტაბებს იძენს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი, მაღალია  ტერორისტული აქტების სიხშირეც, რომლებიც გამუდმებულ შიშში ამყოფებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად იზრდება კიბერ თავდასხმების საფრთხე, ცალკე უნდა აღინიშნოს მეოთხე სამრეწველო რევოლუცია (ე.წ. Industry 4.0), რომელიც  გამოწვევას უქმნის მთავრობებს, რადგან ტექნოლოგიური განვითარების სიკეთეების საზოგადოების ფართო მასებამდე მიტანა ვერ ხდება", -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. 


მისივე შეფასებით ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ და საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად  არა-კონვენციურ მეთოდებს აქტიურად იყენებს რუსეთის ფედერაცია, რომელმაც დიდი ხანია მოახდინა საკუთარი სამხედრო სტრატეგიისა და ტაქტიკის მოდერნიზება.

 

„რუსეთი  მედია-ინსტრუმენტებსა და ზოგადად მედიას იყენებს როგორც იარაღს. ინფორმაციის იარაღად გამოყენება რუსეთის სამხედრო სტრატეგიის მთავარი ასპექტია და რუსეთი მას იყენებს როგორც მშვიდობიანობის, ისე კრიზისისა და  ომის პერიოდში" - აღნიშნა მინისტრმა.


მისი მოსაზრებით გამოწვევების ეს ფართო სპექტრი დეტალურ  დისკუსიებს და ერთიან ძალისხმევას მოითხოვს, რაშიც დიდია ევრო-ატლანტიკური საზოგადოების როლი.


„ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას, თუ არ ვიქნებით ერთად, განსაკუთრებით თუ ერთად არ იქნება ევრო-ატლანტიკური საზოგადოება, და თუ  ჩვენ არ დავადგებით გზას, რომელიც არის ერთობლივი ვალდებულებების, ღირებულებებისა და პრინციპების გზა. ამ სიტუაციაში ევროპამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს და ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ევროპელი ლიდერების ინიციატივებს, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების განმტკიცებას. ასევე მივესალმებით საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული დიალოგის დაწყებას" - აღნიშნა ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner