logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ჩემი სიტყვები „პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია“ ნათქვამი იყო კონკრეტული კითხვის პასუხად
- +

14 ნოემბერი. 2017. 14:06



საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიასთან დაკავშირებით გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს.


„წინა კვირას პრესაში გავრცელდა ჩემი კომენტარი პენსიასთან დაკავშირებით, რომელმაც არაკორექტულად შერჩეული „სკანდალური" სათაურის გამო: „ზოიძე: პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია", სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში, რომელთაც ჩათვალეს, რომ მე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, პენსიის დღევანდელი ოდენობა საკმარისად მიმაჩნია ადამიანის ნორმალური არსებობისა და ცხოვრებისათვის, - მიუხედავად იმისა, რომ კომენტარის ტექსტშივე წერია, რომ არსებული პენსია არ არის საკმარისი და ჩვენ ძალიან გვინდა მისი გაზრდა.

 

ყოველგვარი გაუგებრობის თუ ორაზროვნების გამოსარიცხად მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო:

 

პირველი: ჩემი ღრმა რწმენით, ასაკობრივი თუ საბაზისო პენსიის დღევანდელი ოდენობა 180 ლარი, არათუ საკმარისი არ არის, არამედ მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს იმ საჭიროებებს, რომელიც გააჩნიათ ჩვენ ხანდაზმულ მოქალაქეებს და მითუმეტეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის ე.წ. მეორე ჯგუფის, რომელთა პენსიაც 100 ლარით განისაზღვრება), რომელთა ძირითადი თუ ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. იმისათვის, რომ პენსიამ უზრუნველყოს საარსებოდ აუცილებელი მინიმალური საჭიროებები, პენსიის ოდენობა უნდა იყოს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 50-60% მაინც, ანუ 500-600 ლარი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ პენსია ასრულებს იმ დატვირთვას, რაც უნდა ჰქონდეს ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად.

 

მეორე: ჩემი სიტყვები „პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია" ნათქვამი იყო კონკრეტული კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა, ვემხრობი თუ არა პარლამენტის წინ იმ დღეს გამართული აქციის მოთხოვნას, რომ პენსია გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი არის კონკრეტული სტატისტიკური სიდიდე და საქსტატის მიხედვით, დღეს შეადგენს 168 ლარს. შესაბამისად, მე პასუხად გავეცი, რომ მოთხოვნის ასეთი ფორმით შესრულება არ იქნება სასურველი, რადგანაც 180 ლარი 168 ლარზე მეტია. ხოლო შემდეგ კი, როგორც უკვე ითქვა, დავამატე სიტყვები, რომ პენსიის გაზრდა ჩვენ ძალიან გვინდა და ამისათვის ვითხოვდით პენსიის ინდექსაციის (ანუ პენსიის ოდენობის მიბმა ეკონომიკური ზრდის და/ან ფასების ზრდის მაჩვენებლებთან) მექანიზმის შემოღებას. შესაბამისად, კითხვაზე ამ პასუხის გამოტანა ჩემი კომენტარის სათაურში - კონტექსტის და კითხვის გარეშე, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად მიმაჩნია, თუ არაეთიკურად არა.

 

მესამე: პენსიის 600 ლარამდე გაზრდა ქვეყნის დღევანდელი შემოსავლების და დღევანდელი საპენსიო სისტემის პირობებში სამწუხაროდ, შეუძლებელია, რადგან ამას დასჭირდება ქვეყნის ბიუჯეტის უმეტესი წილი და გამოიწვევს სახელმწიფოს ფინანსურ და ეკონომიკურ კოლაფსს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის საპენსიო რეფორმა, რომლის ავკარგიანობის განხილვაც ამჟამად საჯაროდ მიმდინარეობს. მხოლოდ სწორად ჩატარებული საპენსიო რეფორმა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ხელფასის ოდენობაზე და სტაჟზე დამოკიდებული რეალური პენსია და ღირსეული სიბერე, ხოლო დღევანდელი პენსიონერებისათვის კი, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, უნდა იყოს შემოღებული პენსიების ინდექსაციის - ზრდის სისტემა, რომელიც პენსიას ერთხელ და სამუდამოდ, გამოიტანს პოლიტიკური სპეკულაციების განზომილებიდან და პენსიონერს ეცოდინება, თუ როგორ და რა თანხით გაიზრდება მისი პენსია ყოველწლიურად ქვეყნის შემოსავლების ზრდის პარალელურად.

 

მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ჩემი მშობლების თაობის და ჩემი იმ თანამემამულეების მიმართ, რომელთა შესაძლებლობებიც დღეს შეზღუდულია, გამოვხატო კიდევ ერთხელ მათდამი ჩემი გულწრფელი თანადგომა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner