logo_geo
eng_logo
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა
- +

14 ნოემბერი. 2017. 14:57


 

თბილისის  საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომლის 14 ნოემბერს მოწვევის თაობაზე განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.


თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.


თამარ ჟვანიამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა, თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის  არჩევნების ერთიანი ოქმი  წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცესს წევრს  ფრიდონ ინჯიას გადასცა.


საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგის თანახმად, საკრებულოს რამდენიმე წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია  კოლეგებს ფრიდონ ინჯიამ მიაწოდა.


კერძოდ,  საკრებულოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება  „ქართული ოცნების" საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერი გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც  პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით,  ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.


საკუთარი განცხადებების საფუძველზე  ასევე უფლებამოსილება შეუწყდათ ახალარჩეულ  საკრებულოს წევრებს:  „ნაციონალური მოძრაობიდან" - ნიკა მელიას და დეპუტატებს  „ევროპული საქართველოდან" - დავით დარჩიაშვილს და დავით ავალიანს.


დღესვე სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა  დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე დამტკიცდა. 


საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ  პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე გიორგი ახვლედიანის, მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები დაასახელა.


საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები  ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.


2017 წლის 21 ოქტომბრის  თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას" - 40,  „ნაციონალურ მოძრაობას"- 5, „ევროპულ საქართველოს"- 3, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს" კი 2 წევრი ეყოლება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner