logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს
- +

11 დეკემბერი. 2017. 14:51


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორბელიანის მოედანზე მოედნის რეაბილიტაციის დაწყებისას განაცხადა, რომ დღეს ამ პროექტით კახა კალაძე თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს იწყებს.


„დღეს ძალიან კარგი დღეა, ვიწყებთ ულამაზეს პროექტს და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ორბელიანის მოედანი ყოველთვის იყო განსაკუთრებული ადგილი. ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია, რომელიც თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან. აქ სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის და სწორედ „ახალი ტფილისი" არის ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაციით. ის არის დღეს ყველასთვის საყვარელი ადგილი. რა თქმა უნდა, დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს, რომელშიც მე მას მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. ეს ადგილი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მწვანე სივრცეებით და ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება გამორჩეული, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის ასევე გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერის თქმით, ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას.


„დღეს, როდესაც განვითარების ახალი მოთხოვნებია, როცა განვითარების სისწრაფე სრულიად ახალ ტემპებს იღებს, რომ თითოეული ჩუქურთმა, რომელიც ჩვენს თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, უნდა შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ. ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსი იქნება დამხმარე იმისთვის, რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე. ეს ახალი სიცოცხლე გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ადგილის კოლორიტს ქმნიდნენ დღემდე, აქ მცხოვრებლები და რა თქმა უნდა, ის ხელოსნებიც, რომლებიც „პირიმზეში" მუშაობდნენ და გადანაწილებული არიან სხვადასხვა შენობებში, ყველა უნდა დარჩეს აქ, რადგან ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი განახლებულ თბილისში, რომელიც იქნება მართლაც ულამაზესი და უსაყვარლესი ადგილი. გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს. ახალი წელი გვიახლოვდება და საახალწლოდ ახალი განწყობა და ახალი სიხარული გვჭირდება. დღევანდელი დღე არის ახალი სიხარული, რომელიც ჩვენს თბილისელებს ექნებათ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner