logo_geo
eng_logo
ვანო ზარდიაშვილი: ახალი კანონპროექტი ცალსახად პოზიტიურია
- +

12 იანვარი. 2018. 13:33


„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი ცალსახად პოზიტიური კანონპროექტია იმ ძალიან რეპრესირებულ ნარკოპოლიტიკასთან შედარებით, რაც ჩვენს ქვეყნაში არსებობდა", - ამის „ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.


„ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა გავიდეს კანონპროექტი, ცალსახად პოზიტიური იქნება - ორიენტირებული იქნება მოქალაქეზე. ნარკოტიკების მოხმარებაზე მოქალაქე არ დაისჯება. დეპუტატებს შორის მიდის მსჯელობა, თუ რომელ ნარკოტიკზე არ უნდა დაისაჯოს - არ უნდა დაისაჯოს არც ერთ ნარკოტიკზე თუ მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე არ უნდა დაისაჯოს. პირადად ჩემი პოზიციაა, ადამიანი არც ერთი ნარკოტიკის მოხმარებაზე არ უნდა დაისაჯოს - მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წახვიდე. ერთადერთი რაც პრობლემას ქმნის, არის დოზების განსაზღვრის საკითხი. კოლეგებს შორის სწორედ ამაზე მიდის ცხარე კამათი. ვიღაცისთვის დოზაა - 0.005 გრ, ხოლო ვიღაცისთვის 0.200 გრ. მთელი ძირითადი საკამათო საკითხი არის დოზა", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.


ზარდიაშვილის აზრით, ინიცირებული კანონპროექტის მიღება ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას არ გამოიწვევს.


„მომხმარებელი კი არ გაიზრდება, არამედ გამოვლინდება. საქართველოში მომხმარებელი ნარკოტიკებს ისადაც ჰყავს, განსაკუთრებით - მარიხუანას. ძალიან ბევრი ადამიანი მარიხუანას მოიხმარს ახლაც და მოიხმარდა ისტორიულადაც. შესაბამისად, ეს ხალხი აღარ დაიმალება. გამოვლინდება, რომ ეწევიან და ეს აღარ იქნება დასაძრახი სისხლის სამართლის საქმე", - აღნიშნა ზარდიაშვილმა.


საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.


საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner