logo_geo
eng_logo
ზაზა სოფრომაძე: არ ვფიქრობ, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა შეჩერდება, თუმცა...
- +

12 იანვარი. 2018. 13:36


„არ ვფიქრობ, რომ კანონპროექტის განხილვის მთლიანად შეჩერება მოხდება, თუმცა საზოგადოების ფართო ჩართულობა მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.


როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, ნარკორეალიზატორების მიმართ სიმკაცრეა საჭირო, ხოლო მომხმარებლების მიმართ შემწყნარებლები უნდა ვიყოთ.


„ბუნებრივია საპატრიარქოს განცხადება ყურადსაღებია, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ეს კანონპროექტი ზოგადად მიეკუთვნება ისეთი ნორმატიული აქტების კატეგორიას, რომელთა განხილვა საზოგადოების სხვადასხვა პირების მიერ აუცილებელია. მე არ ვფიქრობ, რომ კანონპროექტის განხილვის მთლიანად შეჩერება მოხდება, თუმცა ვიმეორებ, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ზოგადად მიდგომებს, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, უკომპრომისოები, რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, აქ, რა თქმა უნდა, უფრო შემწყნარებლები უნდა ვიყოთ", - განაცხადა სოფრომაძემ.


მისივე თქმით, კანონპროექტის ამოქმედებისთვის საჭიროა მეტი მზაობა.


საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვს. საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.


როგორც საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner