logo_geo
eng_logo
„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის ნაწილი პარლამენტზე ზეწოლას ახდენს“
- +

12 იანვარი. 2018. 15:27


 

„არასამთავრობო სექტორის ნაწილი გარკვეულ ზეწოლას ახდენს საკანონმდებლო ორგანოზე და ეს არ არის სწორი", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.


„კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების დღიდან არის აზრთა სხვადასხვაობა, არის წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, რამეთუ წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს მაღალ რისკებს, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანაში გაიზარდოს მომხმარებელთა რიცხვი და შესაბამისად, გაიზარდოს კრიმინალი. მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის და ამ მასშტაბის კანონპროექტი, რომელიც ეხება არა მხოლოდ ნარკომომხმარებლებს, არამედ საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც ნარკოტიკებს არ მოიხმარს, სისტემურად უნდა იქნას განხილული. კერძოდ, უნდა განიხილებოდეს საზოგადოების სხვადასხვა წრეებშიც და უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება პირველ რიგში კომიტეტში, რა თქმა უნდა უმრავლესობაში. მნიშვნელოვანია ასევე სამთავრობო პასუხისმგებელი უწყებების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


მისივე თქმით, ყველა თანხმდება, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო არ უნდა დაიჭირონ, მაგრამ ამავე დროს ქვეყანაში ნარკოტიკები არ უნდა გავრცელდეს.


„უნდა იქნას შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები, შესაბამისი დეფინიციები, ასევე დოზები დაზუსტებული, რომ არ მოხდეს არასწორი დოზირებით გავრცელების წახალისება, საჯარიმო სახდელები უნდა იყოს ადეკვატური. ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა, რომ შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრები და ჯანდაცვის შესაბამისი პროგრამები საჭიროებს ფინანსურ რესურსს. ამ ყველაფრის დახვეწა, შეთანხმება და სამართლებრივი რეგულაციების დაზუსტება იქნება იმის საფუძველი, რომ ჩვენ მივიღებთ სწორ ნარკოპოლიტიკას. ამის შემდეგ იქნება უპრიანი, რომ პარლამენტში მოხდეს კანონპროექტის განხილვა. თუ არ მოხდება პოზიციების შეჯერება, მაშინ ამ ფორმით და ასე ნაჩქარევად და დაუბალანსებლად კანონპროექტის განხილვა არ უნდა მოხდეს", - აღნიშნა ხუნდაძემ.


რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, საპატრიარქომ დააფიქსირა პოზიცია და მას ამის უფლება აქვს.


„საპატრიარქო არ შესულა კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაში, მაგრამ სახეზეა ის, რომ არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელთა დაინტერესებაც, ვფიქრობ, აშკარად არის, გარკვეულ ზეწოლას ახდენს საკანონმდებლო ორგანოზე და ეს არ არის სწორი. უნდა მოხდეს ყველა სეგმენტში განხილვა კანონპროექტის, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება უნდა მოხდეს კანონმდებლებს შორის, ასევე სამთავრობო პასუხისმგებელ უწყებებს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონპროექტი იქნება მაღალი რისკების შემცველი", - აღნიშნა დეპუტატმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner