logo_geo
eng_logo
„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ...“
- +

12 იანვარი. 2018. 18:04


 

„ყველასთან კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ პროცესებში ყველა მხარის და განსაკუთრებით საპატრიარქოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია.


„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს, ჩვენ მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი განხილვის საფუძველზე, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირებაა.

 

„საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება და ასევე მიზანი არის ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განუხრელად, კონკრეტულად ამ სფეროში. უბრალოდ, სხვადასხვა მხარეები ვერ ვთანხმდებით ხშირად ამ მიზნების მიღწევის გზებზე. ჩვენთვის მთავარია, ამ გზებზე შევჯერდეთ და ამისთვის არის საჭირო ზუსტად მსჯელობა და განხილვა", - აღნიშნა კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიზნის მიღწევის გზებზე, აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტშიც არსებობს.

 

„არის დეპუტატების ნაწილი, ვისაც მიაჩნია, რომ ლიბერალიზაცია უკეთ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას, არის დეპუტატების ნაწილი, რომელთა აზრითაც გამკაცრება არის უკეთესი გზა. აქედან გამომდინარე, საჭიროა მსჯელობა და სიღრმისეული არგუმენტები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღემდე არც ერთი მხრიდან, სიღრმისეული არგუმენტები - თუნდაც სტატისტიკური მონაცემები, ანალიტიკური მასალები არ მინახავს და არ მომისმენია. დღემდე ჩვენ გვესმის ზედაპირული მსჯელობა ორივე მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა", - დასძინა კობახიძემ.


საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.


საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner