logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, რომ რეალური სასურველით იცვლება
- +

13 მარტი. 2018. 13:10



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.


„ვფიქრობ, პრემიერის განცხადებაში ძალიან ნათლად იყო გამოხატული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გახლავთ რუსულ-ქართული ურთიერთობის მოწესრიგების წინაპირობა. ვგულისხმობ კონფლიქტის მოგვარებას და იმ მთავარი გამოწვევის დაძლევას, რაც ჩვენ 2008 წლიდან გვაქვს. ამის ნაწილია ტატუნაშვილის ტრაგედია და ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის, რომელიც ამდენი ხანი ჭიანურდება. ეს უნდა მომხდარიყო არა იმის გამო, რომ ეს ვინმეს კეთილი ნებაა, არამედ იმის გამო, რომ ეს უკავშირდება პასუხისმგებლობას დღეს ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე", - განაცხადა ციხელაშვილმა.


რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, მინისტრის თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებები არის მთავარი და ერთადერთი ფორმატი კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე დისკუსიისთვის.


„თქვენ მოისმინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. მეც იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი ჩაერთვებიან დისკუსიაში კონსტრუქციულად, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას 2008 წლიდან და უკავშირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულების შესრულებას რუსეთის მხრიდან, ამ საკითხებზე იქნება რეალური პროგრესი, ისევე როგორც სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ქართული მხარე ყოველთვის კონსტრუქციულია და ასეც გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს, მინდა ხაზგასმით განვმარტო, რუსული პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, რომ რეალური სასურველით იცვლება, არსად არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საუბარი პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. დარწმუნებული ვარ, ეს კარგად ესმით რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. საუბარი გახლავთ აფხაზებთან და ოსებთან, საზოგადოებასთან, ადამიანებთან დიალოგზე, რომლებთან ერთადაც ჩვენ მომავალში წარმოგვიდგენია ცხოვრება. ვგულისხმობთ საზოგადოებას ამ შემთხვევაში და ყველა იმ არაპოლიტიზირებულ ფორმატს, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების, შერიგების და ჩართულობის ამოცანების გადაჭრას. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული გამოცდილება გვაქვს. ეს არხები დღესაც ფუნქციონირებს. ქმედითი ნაბიჯები იქნებოდა, რომ ამას ხელი არ შეეშალოს, სამწუხაროდ, ამის პრეცედენტები გვაქვს, როდესაც ხდება ასეთი ორმხრივი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში ჟენევის ფორმატში იყოს გარკვეული პროგრესი მიღწეული და მეორე მხრივ, ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა განვავითაროთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგი", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner