logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება
- +

13 მარტი. 2018. 13:11



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსული მხარის პასუხს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე არაკონსტრუქციულად აფასებს.


კობახიძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რამდენად კონსტრუქციული ან დესტრუქციული იქნება განცხადებები მეორე მხრიდან, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს პრაგმატული მიდგომა, რომელიც აქვს 2012 წლიდან.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ რუსეთთან პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა.


„სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით. ეს ბოლო განცხადებაც იყო ამის გამოძახილი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება გზების გამონახვა იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გვაქვს პრაგმატული მიდგომა, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში 2012 წლიდან. რუსეთთან პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ საქართველოში თვისობრივად ამაღლდა უსაფრთხოების ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კითხვაზე, აფასებს თუ არა ცინიზმად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის კომენტარს, კობახიძე პასუხობს, რომ ამას ცინიზმს ვერ დაუძახებდა, თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უფრო კონსტრუქციული მიდგომა.


რაც შეეხება საქართველოს პრემიერის განცხადებას, კობახიძის თქმით, ის ითვალისწინებდა არა რაიმეს ცვლილებას, არამედ იმ ხაზის გაძლიერებას, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული 2012 წლიდან.


„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, დისკუსიისთვის იმისთვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და ზუსტად ეს იყო ასახული პრემიერის განცხადებაში.

 

პრაგმატულ პოლიტიკას არა აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვიცით, სანამდე მიგვიყვანა თავის დროზე არაპრაგმატულმა პოლიტიკამ, ვგულისხმობ იმ მოვლენებს, რომელიც 2008 წელს ვიხილეთ და ზუსტად პრაგმატული მიდგომის შედეგია ის ცვლილება, რომელიც გვაქვს საქართველოში 2012 წლის შემდეგ უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით. პრემიერის განცხადების მიზანი იყო იმ ხაზის გაძლიერება, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, რამდენად კონსტრუქციული ან დესტრუქციული იქნება განცხადებები მეორე მხრიდან. ჩვენ ჩვენი მცდელობა არ უნდა დავაკლოთ იმისათვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner