logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იმედია, ინიციატივა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით წარმატებული იქნება
- +

13 მარტი. 2018. 23:18


 

„იმედს გამოვთქვამთ, წარმატებული იქნება და დადებითი შედეგი ექნება ინიციატივას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეხვედრაზე საკუთარი ინიციატივის წარდგენისას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისურვებდა, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტარების პოზიცია გამართლდეს კანონთან დაკავშირებით, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მედიის განვითარება.


„კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ის, რომ ჩვენ გვამოძრავებდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მიზანი, მიზანი იყო ის რომ გაგვეძლიერებინა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი სოციალური გავლენა ქართულ საზოგადოებაში, იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი იქნება მიღწეული.

 

ჩვენ კენჭისყრამდე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ერთი წლის თავზე შეგვიძლია, ერთად შევაფასოთ ეს კანონპროექტი და თუ ვნახავთ, რომ ამ კანონპროექტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა კერძო მედიაზე, მათ შორის, შემოსავლების შემცირების კუთხით, შეგვიძლია, ერთად ვიმსჯელოთ ამ კანონში ცვლილებების შეტანაზე, ასევე გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დავაკონკრეტოთ შესყიდვებთან დაკავშირებული რეგულაციები და სტარტაპებთან დაკავშირებული რეგულაციები. ჩვენ შეგვიძლია, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მსჯელობა ამ ორ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ ერთად ვნახოთ, რა ხდება ფინანსების კუთხით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner