logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით სამშვიდობო და პრინციპული პოლიტიკა სწორია
- +

14 მარტი. 2018. 16:42



„სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ 2012 წლიდან მოყოლებული, პრაგმატული, სამშვიდობო და პრინციპული პოლიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა.


მდინარაძის თქმით, დეოკუპაციოს გზაზე, ქვეყანამ ნებისმიერი საერთაშორისო ფორმატი უნდა გამოიყენოს.


„რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მთავარია ის პრინციპი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ ნებისმიერ ფორმატში უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი საერთაშორისო ფორმატი უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნებისათვის და უნდა გამოვიყენოთ დეოკუპაციის გზაზე სასიარულოდ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია ჟენევის ფორმატის რანგის ამაღლებაზე, ეს იქნება ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარეობდა ჩვენი გუნდის წევრების განცხადებაც", - განაცხადა მდინარაძემ.


რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, მდინარაძე შემდეგნაირად პასუხობს: „ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკურ წრეებში არსებობს ორი არასწორი მიდგომა - ერთი არის პრაქტიკულად ომის რიტორიკა და მეორე -მაამებლური რიტორიკა რუსეთის მიმართ. არც ერთია სწორი და არც - მეორე. სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ 2012 წლიდან მოყოლებული, პრაგმატული, სამშვიდობო და პრინციპული პოლიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უალტერნატივო გზა და ამ გზაზე უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო მექანიზმი, ყველა საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ნებისმიერ ფორმატში ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner