logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას აქტიურად უჭერს მხარს
- +

17 აპრილი. 2018. 02:54

 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ NATO-ს დღეების დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ  მიღებას უმასპინძლა. მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და NATO-ს დღეების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.

 

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ NATO-ს დღეების მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების და NATO-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. მინისტრის განცხადებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნა NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე, რომელიც ორიენტირებულია  მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე ქვეყნის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაზე, ხოლო ქვეყნის გარეთ კომუნიკაციის გაძლიერებაზე NATO-სა და მის წევრ სახელმწიფოებთან.

 

„ჩვენი მოქალაქეები NATO-საქართველოს აქტიური და დინამიური ურთიერთობების შესახებ კარგად არიან ინფორმირებული. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას აქტიურად უჭერს მხარს. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ, როგორც ასპირანტმა სახელმწიფომ, აქტიური და დინამიური ინტეგრაციული პროცესი გაიარა, რაც გამოიხატა მრავალ ყოვლისმომცველ რეფორმაში.   გატარებული ინსტიტუციური რეფორმების წყალობით, საქართველო უპრეცედენტოდ დაუახლოვდა დასავლურ ევროატლანტიკურ სტანდარტებს.  თავად ალიანსის წევრებიც ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც შეიარაღებული ძალების NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

 

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა NATO-ს წლევანდელი სამიტის მნიშვნელოვანის და აღნიშნა, რომ ქვეყნის ამოცანას წამოადგენს  საქართველო სამიტის ყველა სათანადო ფორმატში შესაბამის დონეზე იქნას წარმოდგენილი და განსაკუთრებულად გაესვას ხაზი საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2018 წელი ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოცხადდა. NATO-ს დღეები არის ის შესანიშნავი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებთან აქტიური დიალოგის შესაძლებლობა გვეძლევა. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სხვადასხვა უწყებას აქვს დაგეგმილი მრავალი აქტივობა ქვეყნის მასშტაბით, მრავალი ღონისძიება.  გაიმართება ღონისძიებები როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ადგილობრივი თვითმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი და საქართველოში ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა.

 

აღსანიშნავია, რომ წელს NATO-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

 

წელს, NATO-ს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (NATO-ს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner