logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პედრო აგრამუნტს PACE-ის კომისია კორუფციაში ადანაშაულებს
- +

23 აპრილი. 2018. 17:53

 

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორუფციის საგამოძიებო ჯგუფმა წარადგინა ანგარიში, ასამბლეაში კორუფციული საქმიანობის ეჭვს ადასტურებს. ჯგუფმა ასევე გამოაქვეყნა პარლამენტარის ეთიკის კოდექსის დამრღვევ დეპუტატთა სია, სადაც PACE-ს ყოფილი ხელმძღვანელი პედრო აგრმაუნტი ფიგურირებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვები ორგანიზაციის ისტორიაში პირველად წარმოიშვა.

 

„ჯგუფმა დაადგინა, რომ PACE-ს ზოგიერთი ამჟამინდელი და ყოფილი წევრის მიმართ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ისინი აზერბაიჯანის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ეწეოდნენ“, - ნათქვამია პრესრელიზში.

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობდა პირთა ჯგუფი, რომლებიც PACE-ს ფარგლებში აზერბაიჯანის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ... ამასთან დაკავშირებით ჯგუფი აღნიშნავს, რომ მათი საქმიანობა ორგანიზაციაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგება.

 

PACE-ის ყოფილ ხელმძღვანელ პედრო აგრამუნტთან ერთად მოხსენებაში ეთიკის ნორმების დამრღვევ დეპუტატებს შორის აღმოჩნდნენ სამად სეიდოვი, თადეუშ ივინსკი, აუგუსტინ კონდე, სეზარ ფლორინ პრედა, სტეფან შენახი, ალან დექსტე, და რობერტ უოლტერი. ამ ადამიანთა ნაწილი ჯერ კიდევ ასამბლეის წევრია. კორუფციასა და ინტერესების წახალისებაში ასამბლეის რამდენიმე წევრის მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისია ორგანიზაციაში შარშან იანვარში შეიქმნა.

 

დღეს კი ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა 198-გვერდიანი ანგარიში, რომელიც პედრო აგრამუნტისა და ასამბლეის კიდევ რამდენიმე სხვა მოქმედი და ყოფილი წევრების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშში ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის სახელი 165-ჯერ არის მოხსენებული. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკელე ნიკოლეტიმ ანგარიშში დასახელებულ დეპუტატებს უკვე მოუწოდა, უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეიჩერონ. ნიკოლეტიმ დოკუმენტის გაცნობისა და პარლამენტარების პასუხისმგებლობის შესახებ საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მოხსენება დელეგაციების ხელმძღვანელებს გადაეცემათ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დეპუტატების მიმართ შესაბამისი ზომების გატარების საკითხს საპროცედურო კომიტეტი განიხილავს.

 

პედრო აგრამუნტის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ისეთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობას“ ლობირებდა და საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის ლექსიკით აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, ამჟამად უკვე ევროპის საბჭო პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს.

 

დღეს გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს, რომ პედრო არგამუნტის განცხადებების უკან ხშირად პოლიტიკური ინტერესები და კორუფციული გარიგებები იდგა და არა „დემოკრატიული ღირებულებების დაცვის“ მისწრაფება. მსგავსი ფაქტების გამოაშკარავება, წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების, ასევე მათი ხელმძღვანელების და წარმომადგენლების პოზიციების მიმართ საზოგადოების უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს. ცოტა ხნის წინ „Freedom Houses“ მიერ გამოქვეყნებულმა ტენდენციურმა დასკვნამ, რომელშიც, ექსპერტების ვარაუდით, პოლიტიკური კორუფციის გავლენა იგრძნობოდა, კვლევის ავტორების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებამ ანგარიშის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გაამძაფრა.

 

რაც შეეხება პედრო აგრამუნტის და ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეის სხვა დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხს, PACE ორგანიზაციის კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით დაჩქარებული რეზოლუციის მიღებას გეგმავს. საგულისხმოა, რომ კორუფციის შესახებ ბრალდებები PACE-ში ჯერ კიდევ 2012 წლიდან გახდა ცნობილი. დასახელებული ფაქტების ნაწილი მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2015 წელს დადასტურდა მას შემდეგ, რაც იტალიის პოლიციამ, ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი ლუკა ვოლონტე დააკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner