logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრია
- +

16 მაისი. 2018. 14:00

 

„ჩვენთვის ძალიან საპატიო და სასიხარულოა, რომ პირველი დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის  იუბილეზე და დამოუკიდებელი საქართველოს  პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 97 წლის თავზე ჩვენ ვმასპინძლობთ ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მისასალმებელია, რომ ასოციაციის წევრი ქვეყნები გაერთიანდნენ საერთო მიზნების გარშემო, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობას,  საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, კანონის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას და ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლას. ამავე დროს, წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოები ორიენტირებულნი არიან,  გააძლიერონ კონსტიტუციური მართლმსაჯულება თავიანთ  ქვეყნებში, ხელი შეუწყონ  დიალოგს  კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააღრმავონ ორმხრივი თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

 

უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, მიუხედავად იმისა, რომ იგი მიეკუთვნება ე.წ „ახალგაზრდა დემოკრატიის“ ქვეყნების სასამართლოების რიგს. ამის დასტურია ის საერთაშორისო აქტივობები, რომლებიც მან ბოლო წლებში განახორციელა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო 3 წლის განმავლობაში, 2014-2017 წლებში თავმჯდომარეობდა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციას - სრული ევროპული მასშტაბის ფორუმს, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განმახორციელებელ ინსტიტუციებს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარება, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების განმტკიცებას და საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სისტემის განვითარებას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი  საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების საქმეში უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მინდა, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის მიმართ. მივსდევთ რა საუკეთესო ევროპულ ტრადიციებს, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა მაქსიმალურად დაინტერესებულია, შექმნას ყველა პირობა - საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ მატერიალური სახის გარანტიები - იმისთვის, რომ თითოეულმა მოსამართლემ შეძლოს საკუთარი საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება. ამ მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა მოხდეს მისი ინსტიტუციური გაძლიერება. ამასთანავე, კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას, როგორც ჩვენი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების შემადგენელ ნაწილს და მისი სამომავლო განვითარების აუცილებელ წინაპირობას.

 

მოგეხსენებათ, საქართველოს მიზანია დემოკრატიული და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა და სწორედ ეს უდევს საფუძვლად ჩვენს ქვეყანაში რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესს. ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები.

 

დღეს მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობარ ქვეყნებს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარების საქმეში შეტანილი  წვლილისთვის.

 

ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია, რომლის ახალმა რედაქციამაც უზრუნველყო მისი შესაბამისობა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან.

 

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობასა და პლურალიზმს, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ და მკაფიოდ გადანაწილებულ პასუხისმგებლობას ხელისუფლების შტოებს შორის.

 

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას ადგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და სახელისუფლებო სტაბილურობის განმტკიცება, რისი გარანტიც სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა. 

 

ამ დარბაზში მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, იდგნენ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის სათავეში, როგორც უზენაესი, ასევე საკონსტიტუციო სასმართლოს სათავეში და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის.

 

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესი ღირებულ საფუძველს შექმნის საქართველოსა და ევროპის ქვეყნების როგორც ეროვნული, ისე რეგიონული სასამართლოების ინსტიტუციური დიალოგის განვითარებისთვის და ამით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროპულ სამართალთან.

 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კონგრესს ვუსურვებ წარმატებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner