logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხელისუფლების მდგრადობას ებრძვიან!
- +

16 მაისი. 2018. 15:56

 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში – გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაკეთებული მიმართვა სწორი იყო.

 

როგორც ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აღნიშნული საკითხით სპეკულირებს, რაც ხაინდრავას შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

 

„გიორგი კვირიკაშვილმა აჩვენა, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებშიც ადამიანური თვისებები ბევრად უფრო წინ უსწრებს კარიერულ, პოლიტიკურ თვისებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის მიხვდა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც დღეს მოქმედებს, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს იმ ტრაგედიის რაღაცნაირად გაქარწყლებას, რომელიც ტატუნაშვილების ოჯახშია. ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი ძალიან მძიმე ტრაგედიაა და ასეთი არაერთი ტრაგედიის მომსწრე ვყოფილვარ იმ სამი წლის განმავლობაში, როდესაც სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, თუმცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ის აყალმაყალი რაც მოვისმინეთ ეს არის ნამდვილი მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ისინი საკუთარი სახელმწიფოს მდგრადობას ებრძვიან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

მისივე განმარტებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო, რადგან საშიშროება იმისა, რომ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესაც ტატუნაშვილის ბედი გაეზიარებინა, მაღალი იყო. ხაინდრავა აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ საფრთხეს ვერ აცნობიერებდნენ.

 

„მინდა გაგახსენოთ უმძიმესი შემთხვევა, როდესაც 50 ახალგაზრდა ბიჭი პირდაპირ მიუგდეს ოკუპანტებს, ხელისუფლების მაშინდელმა ხელმძღვანელებმა – მერაბიშვილმა, ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა. ძალიან მძიმე შრომის და მოლაპარაკების ფასად, შევძელით იმ უბედურებიდან ახალგაზრდების გამოხსნა. მთელი ამ კვირების განმავლობაში, გაფაციცებით ველოდებოდი, როდის გამოუშვებდნენ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ 2 ადამიანს, მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა და მიუხედავად ამისა, ეს აღვირახსნილი პროპაგანდა წარმოებდა, ვითომ გული შესტკიოდათ და იმაზე არც კი ფიქრობდნენ, რომ ამ ორ დაკავებულსაც თავისუფლად შეეძლოთ ტატუნაშვილის ბედის გაზიარება და ამიტომ დიდი სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო. დღე სად არიან? – გადმოეცა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს? – დღეს ის არ ახსოვთ, რადგან მხოლოდ საბაბი იყო ამ მავნებლებისთვის ეს საკითხი“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner