logo_geo
eng_logo
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი ასტანაში საზეიმოდ აღინიშნა
- +

16 მაისი. 2018. 21:11

 

ქ. ასტანაში მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი.

 

ათასობით მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე და ჯგუფი ,,ინსაითი" წარსდგა. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ქართველი ხელოვანების შემოქმედებამ მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა. 

 

სადღესასწაულო კონცერტი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაირატ აბრახმანოვმა გახსნეს. მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.

 

„ჩემთვის ორმაგად უფრო სასიამოვნოა ამ თარიღის აღნიშვნა აქ - მოძმე ყაზახეთის მიწაზე, ქვეყანაში, რომელიც თავისი სტაბილურობით, დინამიური განვითარებით, ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებით აღფრთოვანებას იმსახურებს. გასულ წელს საქართველოს და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღვნიშნეთ. თუმცა ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას ისტორიულად გაცილებით უფრო ღრმა ფესვები გააჩნია. გულღია, სტუმართმოყვარე ორ ერს ბევრი რამ გვაქვს საერთო. და როცა ჩვენს შორის არსებობს მეგობრობის და ურთიერთგაგების ასეთი ურყევი საფუძველი, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების ორმხრივი სურვილი ბუნებრივი მოცემულობაა. მსურს, ხაზი გავუსვა მისი აღმატებულება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პატივცემული ნურსულთან ნაზარბაევის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში, რასაც საქართველოში დიდად ვაფასებთ"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

სადღესასწაულო კონცერტს ყახაზეთის მთავრობის წევრები, ყაზახეთის კულტურის მინისტრი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner