logo_geo
eng_logo
ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
- +

17 მაისი. 2018. 10:51

 

16 მაისს ბრიუსელში, NATO-ს ახალ შტაბ-ბინაში გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის მონაწილეობით.

 

შეხვედრა მიეძღვნა 2018 წლის ბრიუსელის სამიტის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შესაბამისად უნდა აისახოს ბრიუსელის სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში მიღებულ გადაწყვეტილებებში. წევრი ქვეყნების მიერ აღინიშნა, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას NATO-ში წევრობასთან.

 

ქართულმა მხარემ მოკავშირეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოხატეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების გამო.

 

მოკავშირეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ  რეფორმების პროცესში მიღწეული შედეგები, მათ შორის  დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების  გაძლიერების კუთხით. წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელები მიესალმნენ საქართველოს თანმიმდევრულ პოლიტიკას რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებთან ჩართულობის შემდგომ ამაღლებას. სხდომაზე  ხაზგასმით აღინიშნა, რომ NATO განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

სხდომაზე განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ თვალსაზრისით ალიანსის ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუცია მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში NATO-საქართველოს თანამშრომლობა იქნება ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები და შეიარაღებული ძალების სამომავლო განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში NATO-ს ქმედითი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობას.

 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა ავღანეთში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner