logo_geo
eng_logo
EUCOM-ი მზადაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების NATO-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი
- +

18 მაისი. 2018. 11:17

 

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, NATO-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის  მეთაურმა, NATO-ს  მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა  მასშტაბური და ამბიციური პროექტის - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეიდან დაიწყება და 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 9 სამანევრო ბატალიონის გაწვრთნას ითვალისწინებს. დღესვე გაიმართება NATO-ს სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონია, რომელიც ამავე პროგრამის ფარგლებში ვაზიანის ბაზაზე  აშენდა.

 

შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის როგორც საგარეო, ისე უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნების გამოხატულებაა. მისივე თქმით, ქვეყნის რეფორმები და წინსვლა დაფუძნებულია NATO-ს და ევროკავშირის მიერ აღიარებულ ფასეულობებზე, სტანდარტებსა და კრიტერიუმებზე.

 

ამერიკელმა გენერალმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული განვითარების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით და დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ EUCOM-ი მზადაა საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებასა და NATO-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი.

 

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილზე, განსაკუთრებით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

 

ხაზგასმით აღინიშნა, რომ NATO საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ, თავსებად და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს; ითქვა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები მდგრადი და საიმედო თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

 

ყურადღება გამახვილდა NATO-ს აქტიურ როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მზაობაზე, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

 

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ NATO-ს მომავალ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბრიუსელში ჩატარდება,  პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს - როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს NATO-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner