logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვამაყობთ, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა
- +

18 მაისი. 2018. 13:12

 

„მეამაყება, რომ 2014 წელს, ეკონომიკის მინისტრის რანგში, მხვდა პატივი, საფუძველი ჩამეყარა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. ეს გახლავთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობიექტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

 

„დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო ინდუსტრიის განსავითარებლად, რაც ქვეყანაში ავიაციის, ტურიზმის და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას პირდაპირ უკავშირდება. ქვეყნისთვის, რომელიც თავისი პოლიტიკით ყალიბდება, როგორც სატრანზიტო ჰაბი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნებისთვის საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც მიმზიდველები გავხდეთ. მოგეხსენებათ, ევროპის საჰაერო საზღვრები 2014 წლიდან უკვე საქართველოდან იწყება. ჩვენი ქვეყანა აზია-ევროპის საზღვარია ჰაერში, „საქაერონავიგაცია“ კი - ევროპის მესაზღვრე გახლავთ და სასიხარულოა, რომ ამ საპასუხისმგებლო მისიას ის მართლაც უმაღლესი სტანდარტებით ასრულებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისი თქმით, „საქაერონავიგაციას“ აქვს პოტენციალი, რომ ავიაკომპანიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, ეფექტური მომსახურება გაუწიოს. პრემიერმა აღნიშნა საავიაციო სფეროში განხორციელებული რეფორმები და ამ კონტექსტში „იკაოს“ წლევანდელი აუდიტის შედეგები გაიხსენა, სადაც ყველა მიმართულებით პროგრესი დაფიქსირდა.

 

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც შეძლებს, აზია და ევროპა უმოკლესი მარშრუტების საშუალებით დააკავშიროს ერთმანეთთან. უმოკლესი საჰაერო გზები ავიაკომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, ფრენების მარშრუტის დადგენისას უმოკლესი მანძილი აირჩიონ, რაც ფრენის დროის შემცირებასთან ერთად, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებასაც გულისხმობს. ვამაყობთ, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა და ყველა ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რეკორდულ ზრდას. იცით, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. გასულ წელს „საქაერონავიგაცია“ 15%-ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა, ევროკონტროლის პროგნოზით კი, ეს ტენდენცია ყოველწლიურად დამატებით 7%-ით გაიზრდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ მარტო ამ თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ხუთი ახალი პირდაპირი მიმართულება დაემატა. ესენია: რომი, პარიზი, პრაღა, ბარსელონა, ათენი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner