logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ახალი სისხლი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, უფრო ეფექტურები ვიყოთ...
- +

13 ივნისი. 2018. 21:38

 

„ახალი სისხლი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, უფრო ეფექტურები ვიყოთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გუშინ გუნდში იყო მსჯელობა არსებულ ვითარებაზე, სადაც მონაწილეობდნენ უმრავლესობის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

 

„გუშინ გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში, ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობას, ამ წლების განმავლობაში იყო წარმატებები, თუმცა იყო სერიოზული გამოწვევებიც. რაც შეეხება გადადგომის გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

 

კითხვაზე, ვინ განიხილება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ხვალ უმრავლესობის სხდომაზე იქნება.

 

„მიმდინარეობს მსჯელობა და მგონია, რომ ხვალისთვის ცნობილი იქნება კანდიდატის ვინაობა. ხვალ აუცილებლად იქნება უმრავლესობის შეხვედრა, სადაც მოხდება განხილვა და აუცილებლად იქნება წარმოდგენილი კანდიდატი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

 

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner