logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ!
- +

14 ივნისი. 2018. 12:05

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში მიმდინარე მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში არის საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ახალ პრემიერ-მინისტრს, კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობა დაასახელებს და მთავრობაში საკადრო ცვლილებების მიუხედავად, ქვეყნის განვითარება გაგრძელდება.

 

„მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ. აღვნიშნავ, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება.

მე არ მინდოდა, დღეს მესაუბრა სამთავრობო ცვლილებებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის იმ ფორმატის შემადგენელი ნაწილი, რა ფორმატშიც დღევანდელი კონფერენცია იმართება, თუმცა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, თავს მოვალედ მივიჩნევ, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით... საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. საქართველო არის მაღალი სტანდარტებით ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო და აქ სახელმწიფო იმართება სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად. სამთავრობო ცვლილებების პირობებში ჩვენთვის მთავარია სწორედ სტაბილური ცვლილებების უზრუნველყოფა. გასული 6 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს ყველა მიმართულებით და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში. პრემიერ-მინისტრების ცვლა, მთავრობების ცვლა არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან გადახვევას და იმ პროგრესული მიმართულებიდან გადახვევას, რომლისკენაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ აიღო გეზი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისი თქმით, ამ პროგრესის კონკრეტული ხელშესახები შედეგია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

 

„2012 წლამდე საქართველო არ იყო დემოკრატიული სახელმწიფო, ავტოკრატიული მეთოდების გამოყენებით იმართებოდა. ჩვენ ეს პრაქტიკა შევცვალეთ რადიკალურად, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა იმართება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, საქართველოში დამკვიდრდა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და რადიკალურად, დრამატულად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი. ეს არის საპარლამენტო მმართველობა, სადაც სამთავრობო ცვლილებების არის ნორმალური მოვლენა. დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა - ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი ძალის დამსახურება. სხვადასხვა მთავრობის პირობებში „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებში, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობა დაასახელებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner