logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია ქმნის მყარ საფუძველს და მასზე აიგება ბევრი ქმედება
- +

14 ივნისი. 2018. 14:25

 

„ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კომპლექსური მიდგომა ყველა იმ საკითხის მიმართ, რომლებზეც წლებია ვსაუბრობთ“, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში იმყოფება, სადაც დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს.

 

„ეს არის ოკუპაცია და ოკუპაციას დაერქვა თავისი სახელი, დაფიქსირდა პოზიციები. რეზოლუცია არის კომპლექსური მიდგომა ყველა იმ საკითხის მიმართ, რომლებზეც წლებია ვსაუბრობთ. რეზოლუცია საუბრობს დაუსჯელობის სინდრომზე, დამნაშავეთა გამოვლენაზე და დასჯაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ბორდერიზაციაზე, სამხედროების განთავსებაზე, მილიტარიზაციაზე, ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების დევნაზე, დე ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ევროპარლამენტი ყველა პრობლემურ საკითხს შეეხო და დაგმო რუსეთის ქმედებები.

 

„ამ საკითხების მიმართ პოლიტიკური ძალების დამოკიდებულება არის ერთიანი და მტკიცე. საქართველოს აქვს კონსოლიდირებული მხარდაჭერა. ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ყველასთვის. გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, პარტნიორებისთვის და ოპონენტებისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

დეპუტატის თქმით, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით.

 

„მათ აქვთ მკაფიო პოზიცია, მყარი მხარდაჭერა და მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთს. ეს არის ყოვლისმომცველი და კომპაქტური რეზოლუცია. იმედი მაქვს, რომ პარლამენტარები დიდი უმრავლესობით დაამტკიცებენ რეზოლუციას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის პრინციპული საკითხი იყო რეზოლუციაში ტატუნაშვილზე, ოთხოზორიაზე და ბაშარულზე საუბარი.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტატუნაშვილზე, ოთხოზორიაზე და ბაშარულზე საუბარი. ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხი იყო. საქართველოს მიერ მიღებული რეზოლუცია დაფიქსირდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე მივდივართ და გვაქვს ევროპარლამენტის მხარდაჭერა. ახლა შემდგომი ეტაპია სანქციების და შავი სიის გაფართოება. ევროპარლამენტი აქტიურად დაიწყებს მოლაპარაკებებს კომისიასთან და ევროპულ საბჭოსთან“, – განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ ეს საჭიროა, რათა ამ პოლიტიკას კონკრეტული შედეგი მოჰყვეს.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა კარგად იციან და ამბობენ, რომ ევროპა უნდა გადავიდეს ქმედებებზე და მხარდაჭერის კონკრეტულ ნაბიჯებზე.

 

„ეს სულისკვეთებაა ევროპარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ ამ სულისკვეთებას გაიზიარებს ევროკომისიაც. რეზოლუცია მყარ საფუძველს ქმნის და რეზოლუციაზე აიგება ბევრი ქმედება“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

 

ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, დღეს უყრიან კენჭს.  ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner