logo_geo
eng_logo
ვახუშტი მენაბდე: პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ვერ დაინიშნება
- +

14 ივნისი. 2018. 15:07

 

 

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებსა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ალბათობაზე საუბრისას ამბობს, რომ თუ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მაინც ვერ ჩატარდება. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

მენაბდის განმარტებით, დღეს მოცემული მდგომარეობა განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის ორი მუხლით - 51-ე პრიმა და მე-80 პრიმა მუხლებით, რომლებიც, მენაბდის შეფასებით, ხარვეზიანი და ბუნდოვანია.

 

„ახლა ჩვენ იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა იქნებოდა გონივრული ამ შემთხვევაში. კონსტიტუციის 51-ე პრიმა მუხლი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა არ შეიძლება, გარდა ერთი გამონაკლისისა. ეს გამონაკლისი არის კონსტიტუციის მე-80 მუხლი. აღნიშნული მუხლი კი საუბრობს იმაზე, თუ როგორ უცხადებს ნდობას ახალარჩეული პარლამენტი მთავრობას. ჩემი აზრით, კონსტიტუციის მე-80 მუხლი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთი მხრივ, ის არის ზოგადად ნდობის გამოცხადების ტექნიკური პროცედურა, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოსაცხადებლად, არამედ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც დღის წესრიგში ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხი დგება - მაგალითად, მთავრობა გადადგა, ერთი მესამედით განახლდა და ასე შემდეგ. აღნიშნული ნორმის მეორე შინაარსი არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ახალარჩეული პარლამენტი იკრიბება და მინისტრთა კაბინეტს აყალიბებს. ჩემი აზრით, როდესაც კონსტიტუციის 51-ე პრიმა მუხლი ამბობს, რომ პრეზიდენტის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა შესაძლებელია მე-80 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ეს იმ გამონაკლის შემთხვევას გულისხმობს, როდესაც საქმე ახლად არჩეულ პარლამენტს ეხება და არა სხვა შემთხვევებს, როდესაც პარლამენტი მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებს. არსებობს ხუთი ვითარება, რა დროსაც შეიძლება პარლამენტი იყოს დათხოვილი და ხუთივე ვითარება კონსტიტუციის მე-80 მუხლზე მიუთითებს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ის გამონაკლისი, რომელიც პრეზიდენტის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შეიძლება მოხდეს, მე-80 მუხლის ტექნიკურ ასპექტებს უკავშირდება, მაშინ გამოვა, რომ ამ ჩანაწერს საერთოდ არ ჰქონია აზრი, პარლამენტის დათხოვა ყველა შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილა და აღნიშნული მუხლიც უშინაარსო გამოდის“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner