logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
- +

12 ივლისი. 2018. 10:35

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, დღევანდელი შეხვედრები NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

 

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს გენერალურ მდივანს NATO- საქართველო-უკრაინის შეხვედრის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობაზე NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ, საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

 

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიაღწია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს NATO-ს წევრობისათვის, საქართველო მზადაა იმისათვის, რომ NATO-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის.    

 

გიორგი მარგველაშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე NATO-სთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს NATO-ს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად, ემზადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისათვის.

 

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს NATO-ს მისიებში და კონკრეტულად მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ NATO აფასებს საქართველოს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც შეაქვს ქვეყანას საერთო უსაფრთხოებაში. შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner