logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა
- +

17 ივლისი. 2018. 14:10

 

„ჩვენი მიზანია, საქართველოს პარლამენტი ინსტიტუციურად გაძლიერდეს, გახდეს ერთერთი მთავარი რგოლი საქართველოს მთავრობის მთლიან სისტემაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას წარმატებით მივაღწევთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე „ღია პარლამენტის დღე“ განაცხადა. ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა.

 

ირაკლი კობახიძემ, ღია პარლამენტის ქსელის - ParlAmerica-ს პრეზიდენტთან, სენატორ ბლანკა ოველართან, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელთან, სანჯეი პრადჰანთან, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ელჩთან და  ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრთან, ჰელენ კლარკთან ერთად, მაღალი დონის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ჰეიდი ჰაუტალას ვიდეომიმართვაც. მაღალი დონის განხილვას მოდერირებას გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი უწევდა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მიღწევებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

„ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო მეტი რეფორმა უნდა განვახორციელოთ რათა კიდევ უფრო გავზარდოთ, გავამყაროთ პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე, ჩვენი ვალდებულება - ზედამხედველობის ფუნქციაც განვახორციელოთ გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მან რამდენიმე მიღწევაც დაასახელა, რომელიც საქართველოს პარლამენტს ღია მმართველობის მიმართულებით აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე, რომლის მიზანიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაა.

 

„ჩვენ ძალიან ამბიციური რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც უზრუნველყოფს სწორედ ამ მიზნების მიღწევას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. სწორედ ამიტომ, შემოვიტანეთ ადმინისტრაციული ცვლილებები, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს პარლამენტის მიერ. ასევე, გავაუმჯობესეთ შესაძლებლობები საჯარო სექტორში და ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ბაზას ქმნის ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ახლა ვმუშაობთ პარლამენტის ახალ რეგლამენტზე და ამ აქტივობის ერთერთი მიზანი არის  საქართველოს პარლამენტის ღიაობის და  გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,  ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, მისი უკეთესად განხორციელება, რაც უზრუნველყოფს სხვა საჯარო უწყებების ღიაობას და ანგარიშვალდებულებას, რაც პარლამენტის ერთერთი მთავარი ფუნქციაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ერთერთი მიზანია საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება.

 

„ჩვენი ერთერთი მიზანია, რომ ინსტიტუციურად გაძლიერდეს საქართველოს პარლამენტი და გახდეს ის ერთერთი მთავარი, რგოლი საქართველოს მთავრობის მთლიან სისტემაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამასაც წარმატებით მივაღწევთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო აქტივობების შესახებ ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით, საზოგადოებისთვის ღიაა ფინანსური აქტივებიც

 

„მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსური აქტივობები არის აბსოლუტურად ღია საზოგადოებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ არ იქნება არანაირი კორუფციის შესაძლებლობები და ეჭვები კორუფციასთან მიმართებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ღიაობაზე და გამჭვირვალობაზე და ეს ყველაფერი ხდება იმ გზით, რომ საჯაროდ ხდება პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის, გამოქვეყნება. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით სხვა უწყებებს, რათა უზრუნველყონ იგივე ხარისხის ღიაობის სტანდარტის დაცვა თავიანთ უწყებებში.

 

ასევე, ჩვენ მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ელექტრონული ხელმოწერებით ისარგებლონ, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და საქართველოს პარლამენტმა, ასე ვთქვათ, შეუწყო ხელი მის შემოღებას. ასევე, გვაქვს საპარლამენტო სხდომების აუდიო და ვიდეო სესიების გადაცემა. გვაქვს, ასევე, საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რაც იქნება ერთგვარი პლატფორმა ელექტრონული პეტიციებისა, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე, შემოვიღეთ ახალი მობილური აპლიკაცია. ახლა ასევე ვმუშაობთ წლიურ სამოქმედო გეგმებზე საპარლამენტო კომიტეტებისათვის და ეს წლიური სამოქმედო გეგმებიც საჯაროა მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი, რაც შეიძლება, ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ირაკლი კობახიძემ ყურადღება, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება.

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტი რაც შეიძლება უფრო ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, იყოს ადაპტირებული ამ პირებზე ასევე ფიზიკურადაც ეს შენობა. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქცია. სწორედ ამ მიზნებისათვის ჩვენ მოვაწყეთ შესაბამისი ღონისძიებები. პირველი ღონისძიება გაიმართა 2018 წლის მარტში და ვაპირებთ, რომ ეს პრაქტიკა გახდეს რეგულარული და  მომავალშიც უზრუნველვყოთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ხელმისაწვდომობა, რათა ვიყოთ კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, ზოგადად, მთლიანად   საზოგადოებისათვის, რათა უზრუნველვყოთ იგივე სტანდარტები ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებში. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები და  ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც უკვე გვაქვს, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც მივაღწევთ და შევასრულებთ იმ ამბიციურ გეგმებს და წარმატებით დავასრულებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner