logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძეს გიორგი მარგველაშვილის განცხადებები „მოუხელთებელი ჯოს“ შესახებ ანეკდოტს ახსენებს
- +

21 ივლისი. 2018. 18:27

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებები „მოუხელთებელი ჯოს“ შესახებ ანეკდოტს ახსენებს.

 

„ჩვენ ვთქვით, რომ თვის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები და ამის მიხედვით გავაკეთებთ განცხადებას, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. კონსულტაციები შედგება თვის ბოლომდე და ეს ბუნებრივია, რაიმე სპეკულაციის საფუძველს არ იძლევა. მარგველაშვილის მხრიდან ამ სპეკულაციებს მუდმივად ვისმენთ. მას შეუძლია თავისუფლად მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, ამაში ხელს ვერავინ შეუშლის და არც არავინ უშლის. მან იფიქროს საკუთარ გადაწყვეტილებაზე და დიდად ნუ იფიქრებს სხვების გადაწყვეტილებაზე. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. მან თავად უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა შანსი, რომ სოლიდური შედეგი დადოს ამ არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შანსი არ არსებობს, თუმცა ეს პირველ რიგში თავად უნდა აწონ-დაწონოს. თავად უნდა მოიფიქროს რომელ ადგილას გავა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. მეორე ადგილზე გასული ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20%-ზე მეტს. აქ ვარ მე და აქ ხართ თქვენ, გარანტიას გაძლევთ. აქედან შეგიძლიათ განსაზღვროთ ჩვენ ველოდებით სხვას, თუ სხვა გველოდება ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე შეფასებით, სწორედ გიორგი მარგველაშვილი ელოდება “ქართულ ოცნებას“, რომ პარტიამ თავისი კანდიდატურა დაასახელოს.

 

„არის ასეთი ანეკდოტი „მოუხელთებელი ჯოს“ შესახებ და შეიძლება ეს გავიხსენოთ, ანუ ადამიანმა წარმოაჩინოს თავისი თავი ისეთად, როგორიც არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავს „ქართული ოცნება“, მოსწონს ეს მარგველაშვილს თუ - არა. ვიცით, რომ არ მოსწონს, თუმცა დღის წესრიგის წარმართვაში გიორგი მარგველაშვილის როლი არის ნული. “ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელიც გარანტირებულად მიიღებს დიდ მხარდაჭერას ამ არჩევნებში და ჩვენ გვექნება დიდი უპირატესობა მეორე, მესამე და მეოთხე ადგილას გასული კანდიდატების მიმართ. ჩვენ არავის არ ველოდებით, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი და არ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ღირსეულ კანდიდატს დავასახელებთ ამ არჩევნებში, მაგრამ ვინც არ უნდა დასახელდეს, გიორგი მარგველაშვილთან შედარებით მაინც გვექნება დაახლოებით სამმაგი სხვაობა ამ არჩევნებში. ნუ დაელოდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თავად გარისკოს და იმის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ „ქართული ოცნება“ სუსტ კანდიდატს წარადგენს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner