logo_geo
eng_logo
გიორგი მიქაუტაძე: მოსამართლეთა გამოცდებზე შეფასების სისტემა მაქსიმალურად ობიექტურია
- +

21 ივლისი. 2018. 23:24

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპის შედეგები დამაკმაყოფილებელია. მისივე განმარტებით, შეფასების სისტემა, რომელიც საბჭომ შეიმუშავა, მოსამართლეთა შეფასებისას მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორს და არსებული მოდელით, მოსამართლეები ობიექტურად ფასდებიან.

 

„შედეგი, რომელიც გამოცდების შემდეგ მივიღეთ, ნორმალურია. ეს გამოცდის პირველი ეტაპია. ერთი კვირის შემდეგ გვექნება მისი მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ტარდება ტესტების ფორმით, ხოლო მეორე ეტაპზე მათ ექნებათ ხუთ ღია ფორმის კითხვაზე პასუხი გასაცემი. საკვალიფიკაციო გამოცდებში გვქონდა რამდენიმე სიახლე დანერგილი.

 

გამოცდისთვის, კომისიის ყველა წევრმა გაიარა სპეციალური ტრენინგები და კურსი, ტესტების შედგენის მეთოდიკაში. ტესტები და კითხვები სრულიად თანამედროვე მეთოდით შედგა. კითხვები სირთულის სამი დონის მიხედვითაა დაყოფილი.

 

გამოცდის მეორე, წერით ეტაპზე, თითოეულ ნამუშევარს გაასწორებს კომისიის ორი წევრი. ისინი იქნებიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები, - კითხვის მიხედვით. მათ არ ეცოდინებათ არც ერთმანეთის და არც გამოსაცდელის ვინაობა“ - თქვა მიქაუტაძემ.

 

მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე ზღვარი 73-მა მონაწილემ გადალახა. მათგან ერთი არის საერთო სპეციალიზაციით, 21 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით, ხოლო 51 - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

 

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2015 წლის ნოემბრის შემდეგ არ ჩატარებულა. იუსტიციის საბჭოში აცხადებენ, რომ მას მომავალში ყოველ წელს ჩაატარებენ.

 

მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 28 ივლისს გაიმართება.

 

გამოცდის პირველი ეტაპი დღეს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) ჩატარდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner