logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: განათლების სისტემას ძირეული ცვლილებები სჭირდება
- +

10 აგვისტო. 2018. 15:51

 

განათლების სისტემაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემოდგომაზე წარმოდგენილი იქნება რეფორმის კონცეფცია.

 

„რეფორმების მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა დავიწყეთ. შეიქმნა ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, ამ სფეროს ექპერტებთან. პარლამენტის კომიტეტის წევრებთან განვიხილეთ რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები და ის ძირითადი საკითხები, რასაც რეფორმა შეეხება. ჩვენი ერთიანი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ განათლების სისტემას ძირეული ცვლილებები სჭირდება. შეხვედრაზე შევაჯერეთ პოზიციები. რეფორმის კონცეფციას შემოდგომაზე წარვადგენთ. მანამდე კი, გაგრძელდება სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრები და მათი მოსაზრებების მოსმენა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ ბატიაშვილმა.

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, სამინისტრო დეტალურ გეგმაზე - რეფორმების პაკეტზე მუშაობს, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელდება.

 

„სექტემბრის ბოლოსთვის გვექნება სრული სურათი როგორც ფუნდამენტური რეფორმების, ასევე კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი ნაბიჯების. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლების ინფრასტრუქტურის პრობლემებს, ასევე საუბარი იყო განათლების სისტემაში მეტი დაფინანსების აუცილებლობაზე. პრემიერ-მინისტრის მხრიდან დეკლარირებულია, რომ იქნება მუდმივი ზრდა, მაგრამ 2019 წლის ბიუჯეტში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ასევე, საუბარი შეეხო სახელმძღვანელოების გადახედვის პროცესს. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ სექტემბერში ბავშვებმა ახალი სახელმძღვანელოები მიიღონ. წინასწარი შეფასებით, იქნება ბევრად უფრო გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები, ვიდრე იყო წინა გრიფირების პროცესში“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მარიამ ჯაშმა, მინისტრთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner