logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს
- +

17 აგვისტო. 2018. 16:49

 

 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტის ჩართვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე, როდესაც კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით დაიწყება საუბარი.

 

„ძალიან დიდია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესის მნიშვნელობა. ზოგადად ამ პოზიციის მნიშვნელობაა ძალიან დიდი. გარდა იმ კრიტერიუმებისა, რაც კანონითაა დადგენილი, ბუნებრივია არის სხვა ფაქტორებიც, რომელიც ალბათ განსაზღვრავს ბოლო ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტის მხრიდან. ეს არის პირველ რიგში გამოცდილება, სანდოობა, კვალიფიციურობა და ბევრი სხვა ფაქტორი. ამიტომ, ამ პროცესის მნიშვნელობა თავისთავად ძალიან დიდია. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ პროცესს. ახლა არის ის ეტაპი, როდესაც პრეზიდენტი აწარმოებს კონსულტაციებს. ამ პოლიტიკურ პროცესში პარლამენტი იმ ეტაპიდან ერთვება, როგორც კი შეთავაზებული იქნება კანდიდატი. ბუნებრივია, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ჩვენ კონკრეტულ პოზიციაზე ვისაუბროთ. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დამოკიდებულება გამოვხატო ამ საკითხისადმი, მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გადაწყვეტილების მიღების კუთხით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს მმართველი გუნდი კონსულტაციებში, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტი ამ პროცესში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით დაიწყება საუბარი.

 

„მე მინდა, რომ პოზიცია სწორად იყოს გაგებული. ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ ეს პროცესი დაკნინდეს. პირიქით, ესაა უმნიშვნელოვანესი ეტაპი და უმნიშვნელოვანესია, რომ შერჩევა ყველა იმ კრიტერიუმის დაცვით მოხდეს, რაც ამ პროცესს მაღალ ლეგიტიმაციას მისცემს. ამ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ კრიტერიუმებზეა საუბარი და არა კონკრეტულად პერსონალურ კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა, ბუნებრივია, უშუალო მონაწილეობა შეიძლება დიდად არც წაადგეს ამ პროცესს. ზოგადად როგორია კრიტერიუმები და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, ეს საყოველთაოდ ცნობილია და კანონშიც წერია. ამიტომ, პარლამენტის უშუალო მონაწილეობა და ჩართვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე, როდესაც კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით დაიწყება საუბარი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner