logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ შესახებ: არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას
- +

14 სექტემბერი. 2018. 16:15

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში დაცული იყოს მედია პლურალიზმი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება არის ის, რომ ჩვენთან დამკვიდრდა მედია პლურალიზმი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება. რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩვენ ვართ ყველა მეწარმის გვერდით, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს დაასაქმებს და ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. მე პირადად გამოვხატავ სიმპათიას ყველა მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, სახელმწიფო ყოველთვის არის მოწადინებული იმაზე, რომ კომერციულ საქმიანობას დაუდგეს გვერდით, თუ ვერ იხდის გადასახადებს, მისცეს მას ისეთი კომფორტული გადახდის გეგმა, რომ შენარჩუნებული იქნას საწარმო, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ამის დემონსტრირება მოახდინა. შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაავადა ის გადასახადები, რაც ასეთ დროს ხდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

 

ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით „იბერიას“ მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner