logo_geo
eng_logo
დავით დონდუა: ერგნეთისა და გალის შეხვედრების მექანიზმები რომ დაიკარგოს, კონფლიქტის ესკალაციის რისკი ძალიან დიდია
- +

9 ოქტომბერი. 2018. 15:36

 

 

„უსაფრთხოების ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია მექანიზმები, რომლებსაც ვუწოდებთ ინციდენტების პრევენციისა დ მათზე რეაგირების მექანიზმებს, რომლებიც გალსა და ერგნეთში მუშაობს“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ „პირველ არხს“ განუცხადა.

 

როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, ერგნეთის და გალის შეხვედრები ჟენევის დიდი ფორმატის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია. ​

 

„ორივე მიმართულებით მძიმე პრობლემებია, რადგან ბოლო შეხვედრები ჩაიშალა. შეხვედრების ჩაშლა მოხდა თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო, რომელსაც არაფერი აკავშირებს მექანიზმების მუშაობასთან და მის პრინციპებთან. რუსეთი, სოხუმი და ცხინვალი ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიზირებას, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებენ მექანიზმებს და მთლიანად ჟენევის ფორმატს. ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვთხოვთ შუამავლებს, რომ მკაცრად დაიცვან შეთანხმებული პრინციპები, რომლებიც ამ წლის განმავლობაში ეფექტიანად მუშაობდა. ერთ-ერთი პრინცის თანახმად, შეხვედრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება დღის წესრიგში შეიტანოს თემა, რომელსაც მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც მოლაპარაკებების დაწყება შეიძლება. ეს არის შეთანხმებული პრინციპი და წერია ქაღალდზე. შეთანხმებული პრინციპი უნდა შესრულდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც შეხვედრებზე მოხდა, ეს არის საკითხის პოლიტიზირება და არა რეალური ხელისშემშლელი ფაქტორი”, – განაცხადა დონდუამ.

 

მისვე თქმით, 10 წელი გადის და ეს ფორმატები საფრთხის ქვეშაა რუსეთის, სოხუმის და ცხინვალის პროვოკაციული ქმედებების გამო.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ გაისიგრძეგანოს. ეს არ არის პოლიტიკური თემა და ეს არ არის პოლიტიკური სტატუსის თემა. ეს არის მექანიზმი, რომელიც ყოველდღიურ პროვოკაციებზე რეაგირებს. ეს მექანიზმები რომ დაიკარგოს, მაშინ ძალიან დიდი რისკია კონფლიქტის ესკალაციის”, – განაცხადა დონდუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner