logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: მნიშვნელოვანია, ყველა წევრი ქვეყანა მიჰყვეს ევროსაბჭოს ერთიან სტანდარტს
- +

11 ოქტომბერი. 2018. 12:50

 

„მნიშვნელოვანია, ყველა წევრი ქვეყანა მიჰყვეს ევროსაბჭოს ერთიან სტანდარტს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ფინანსური ვალდებულებები“, – ამის შესახებ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს ფუნქციონირებისთვის და არც ერთ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, ეს როგორც ბერკეტი გამოიყენოს.

 

„მტკიცედ მჯერა, რომ ევროსაბჭოს მომავალი უნდა იყოს განსაზღვრული ღირებულებებითა და მაღალი სტანდარტებით, რომლებსაც ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს. ეს არის სანდოობა, ეფექტიანობა და ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მდგრადობა. ნებისმიერი პროცედურული წესების ცვლილება, უპირველეს ყოვლისა, უნდა ემსახურებოდეს პრინციპებსა და ძირითადი ღირებულებების გაძლიერებას და არა მათ შელახვას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

მისი შეფასებით, ამ ღირებულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ცუდი გზავნილი იქნება მთელი ევროპისთვის და ორგანიზაციის ერთიანობას შელახავს.

 

„მოხარული ვარ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარ პრინციპებს. სწორედ ამგვარი გადაწყვეტილებები ზრდის ამ ინსტიტუტისადმი ნდობას, რომელიც თავისი წევრი ქვეყნებისთვის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს. ამ მხრივ, არ შემიძლია გვერდი ავუარო კორუფციის საკითხს, რომელიც მხოლოდ ევროსაბჭოს შეშფოთებას არ იწვევს. კორუფცია არის სოციალური სიმახინჯის ყველაზე დამანგრეველი ფორმა, რომელიც ანადგურებს  ეფექტიან მმართველობასა და ფონდების მართვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, ვინც წარმოვადგენთ ქვეყანას, სადაც კორუფციის დონის მნიშვნელოვნად შემცირების და ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მშენებლობის კარგი მაჩვენებლებია“, – განაცხადა ქაცარავამ.

 

დეპუტატის თქმით, ევროსაბჭომ პრიორიტეტად უნდა დასახოს ორგანიზაციის შიგნით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

„თუ ევროსაბჭოს სურს ნდობის აღდგენა, მან პრიორიტეტად უნდა დასახოს ორგანიზაციის შიგნით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ სენის განკურნება მხოლოდ კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარებითაა შესაძლებელი. ანტიკორუფციული რეფორმები უნდა იყოს ევროსაბჭოს დღის წესრიგის მთავარი ნაწილი და წევრი ქვეყნების მოწინავე პრიორიტეტი.

 

რაც შეეხება ფინანსურ ვალდებულებებს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრი ქვეყანა მიჰყვეს ევროსაბჭოს ერთიან სტანდარტს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ფინანსური ვალდებულებები. აღნიშნული მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს ფუნქციონირებისთვის და არც ერთ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ეს როგორც ბერკეტი. კიდევ ერთი ვალდებულება, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებების შესრულების ყოვლისმომცველი მონიტორინგი“, – აღნიშნა ქაცარავამ.

 

მისი თქმით, ქვეყნების ვალდებულებაა, შეასრულონ სასამართლოს დადგენილებები იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს საერთაშორისო სამართალი.

 

„ჩვენ უნდა შევქმნათ სპეციალური მექანიზმი, რომ ერთიანად და მტკიცედ ვუპასუხოთ წევრი ქვეყნების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტი, რაც საშუალებას აძლევდა რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება დაებრუნებინა, ავტორმა უკან გაიწვია.  რეზოლუციის პროექტის გაწვევის გადაწყვეტილება  მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პროექტთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. დეპუტატების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგლამენტის ცვლილებები სინამდვილეში რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას ისახავს მიზნად.  ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წევრი თამარ ჩუგოშვილი.  მისი თქმით, არ შეიძლება მოხდეს  პრეცედენტის დაშვება, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან. რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. მოგვიანებით რუსეთმა ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და საწევროს გადახდაზე უარი განაცხადა.

 

ამასთან, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ორგანიზაციის საწევრო გადასახადს არ გადაიხდის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ და შესაძლოა, ევროსაბჭოდან გარიცხონ კიდეც.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner