„საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი NATO-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებაა“, – ამის შესახებ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება რეგიონის კეთილდღეობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
„NATO-ს ყველა წევრმა რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრობაა და ამისთვის კონკრეტული მიზეზები გვაქვს. NATO-ში საქართველოს წევრობა ჩვენს რეგიონს უფრო მდგრადს და განვითარებულს გახდის და ჩვენი აზრით, ეს რუსეთის ინტერესშიც უნდა შედიოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ უნდა შედიოდეს რუსეთის ინტერესებში საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, პრემიერ-მინისტრმა ნორვეგიის მაგალითი დაასახელა.
„ნება მიბოძეთ, მაგალითად ნორვეგია დაგისახელოთ. როდესაც ნორვეგია NATO-ს წევრი ხდებოდა, გაჩნდა ანალოგიური კითხვები, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ სკანდინავიის რეგიონი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. NATO-ს მოაქვს სტაბილურობა, მდგრადობა და კეთილდღეობა. საქართველოსა და ჩვენს რეგიონს კი, ეს სჭირდება. საქართველო არის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაგასაყარი. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი მსოფლიოში და მას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, თუმცა ჩვენ უნდა გავხსნათ ის, უნდა მივცეთ შესაძლებლობები რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ NATO-ში საქართველოს წევრობა დიდი სარგებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „ბლუმბერგთან“ საუბრისას.