logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების მიმართ ნდობა ვერ მექნება
- +

15 ოქტომბერი. 2018. 14:47

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. სესიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პოლიტიკური მედიაა.

 

„რუსთავი 2“-მა შეგვაჩვია რა საარჩევნოდ ფაბრიკაციებს, მის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების მიმართ ნდობა ვერ მექნება - საჭიროა, ყველაფერს პასუხი გამოძიებამ გასცეს.

 

გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა, რა ფაბრიკაციებიც მოვისმინეთ, „რუსთავი 2“-სგან სხვადასხვა საკითხებზე, გუშინ გავრცელებული ჩანაწერების იდენტობა კითხვას აჩენს და მის მიმართ ნდობა ვერ მექნება. ყველასთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის მიუღებელია ის მეთოდები, რაც ჩანაწერებში ისმის და ვერ წარმომიდგენია ის, რაზეც არის საუბარი. ცხადია, კითხვებზე პასუხი გამოძიებისგან უნდა მივიღოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

 

დეპუტატი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შაბათის „კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც მის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით არის საუბარი და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-მა საზოგადოება განზრახ შეცდომაში შეიყვანა.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი გუშინ გაავრცელა.

 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.

 

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

 

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და „უდო“-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

 

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner