logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის ოპოზიციის მიერ ქაოსის შექმნის მცდელობა მედიასივრცეში
- +

15 ოქტომბერი. 2018. 15:31

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებს.

 

კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის დეპუტატის, რომან გოცირიძის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ჯგუფებისგან არის მცდელობა, შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში მათ დროს ყველაფერი დალაგებული იყო და ახლა ჩამოიქცა.

 

„რამდენადაც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს და ეს გამოძიება დაწყებულია 3 დღის წინ. შესაბამისად, მინდა, უწყებებს მოვუწოდო, რომ რაც შეიძლება სწრაფად, გამჭვირვალედ გაეცეს ყველა იმ ფაქტს პასუხი, რომელიც ბოლო პერიოდში იყო გაჟღერებული და გახმაურებული სხვადასხვა ფორმით. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მოხდება ძალიან სწრაფად და არ დატოვებს საფუძვლებს ოპოზიციისთვის მსგავსი ტიპის ქაოსის შექმნის მცდელობებს მედიასივრცეში. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, ვალდებულები ვართ მოსახლეობის წინაშე, რომ საგამოძიებო უწყებებიდან რაც შეიძლება სწრაფად ამის განხორციელება მოვითხოვოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები ძალიან სწრაფად გასცემენ ამას პასუხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც, უმრავლესობის წევრებს არ მოგვერიდება საზოგადოებისთვის მწვავე თემების შემთხვევაში საკითხის მწვავედ დაყენება. პირადად მე, როცა დავინახე, რომ საკითხი მწვავედ იდგა, მეც მოვითხოვე გენერალური პროკურორის გადადგომა იმ საქმიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი უწყებები გამოძიების ფარგლებში ძალიან სწრაფად უპასუხებენ ამ ყველაფერს. თორემ, ვატყობ, რომ ყველასთვის ყველაფრის მიწებების მცდელობაა სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფებისგან. საბოლოოდ, არის იმის მცდელობა, რომ შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში ადრე იყო ყველაფერი დალაგებული და ახლა ჩამოიქცა. მგონი, ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ გაიზარდა იმისთვის, რომ კარგი და სწორი შეფასებები მისცეს არსებულ სიტუაციას, რომელიც არის გამოწვევებით სავსე“, - განაცხადა კობერიძემ.

 

კობერიძის გამოსვლის შემდეგ, რომან გოცირიძე დაინტერესდა, რა უნდა გამოიძიონ -ჩანაწერების ავთენტურობა თუ ის დანაშაულები, რაც ამ ჩანაწერშია მხილებული და გამჟღავნებული, რაზეც ლევან კობერიძემ უპასუხა: „ძიება არის დაწყებული და საქმე არის აღძრული სამი დღის წინ და გამოიძიებენ. თქვენ თუ ხართ ბრალმდებელიც, პროკურორიც, მოსამართლეც და მედიაც, რომელიც საზოგადოებას ყველაფერს განუმარტავს, მაშინ დავშალოთ ეს სტრუქტურები, გავუშვათ სახლში და თქვენ იყავით მარტო. გაეცანით, რა საქმეა აღძრული“, - მოუწოდა კობერიძემ გოცირიძეს.

 

კობერიძის გამოსვლამდე რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „თუ უმრავლესობის დეპუტატები არიან გულუბრყვილოები, არ იციან, რომ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ, შეიძლება მათ ვუწოდოთ ლეღვის ფოთლები; გადაეფარნენ სასირცხვილოს და უმსგავსოს“. გოცირიძის თქმით, ჩამოყალიბებულია დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო მონაწილეობს.

 

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და სუბელიანთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

 

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner