logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია რაიმე ტიპის შანტაჟი დასტურდება იმით, რომ სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემული
- +

15 ოქტომბერი. 2018. 23:06

 

 

სამართალი აღსრულდება ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საზოგადოების წინაშე დასმული ნებისმიერი შეკითხვა გამოძიების მხრიდან უნდა იყოს პასუხგაცემული. ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის მიერ. თვალს ვადევნებთ, რომ ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის მხრიდან, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, ადგილი აქვს მუქარას სახელმწიფოს, ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, გასარკვევია, ადრეც ხომ არ იყო მსგავსი მუქარა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ. ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ფორმის რაიმე ტიპის შანტაჟი, დასტურდება იმით, რომ ეს კონკრეტული პირი პასუხისგებაშია მიცემული. სამართალი აღსრულდება ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

 

მათი ეს რევანშისტული წყურვილი – რაიმე ფორმით და ყველაფრის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათი ეს ოცნება – დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ასრულდება. მათი განწყობა და მოტივაცია არის რევანში, საზოგადოების დაშინება და ტერორი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“, კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე და კიდევ ერთხელ იმ დანაშაულებრივი სისტემით მიეცეს საშუალება, მართოს ქვეყანა. კიდევ ერთხელ წერტილდასმული იქნება ყველაფერი 28 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვებს და გახდება საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

 

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner