logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს
- +

17 ოქტომბერი. 2018. 12:25

 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი სამდღიანი წინასაარჩევნო მანიფესტაცია კანონის ფარგლებში წარიმართება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს და თუ აღნიშნული აქციების ფარგლებში, გზის გადაკეტვა იქნება საჭირო, ამას შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. 

 

„25 სექტემბერს, დედაქალაქის მერიაში შემოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილი, რომ 19, 20, 21 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე წინასაარჩევნო მსვლელობა იგეგმება. მანიფესტაციის მონაწილეთა სავარუდო რაოდენობად მითითებული აქვთ 100 000 ადამიანი. აღნიშნული შეკრება მონაწილეთა სიმრავლის გამო, ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო სავალი ნაწილის შეფერხებას გამოიწვევს. ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ თუ გზის გადაკეტვა გახდება საჭირო, გადაიკეტოს. თუ ამისი საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები, ასევე, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული მანიფესტაცია „ნაციონალური მოძრაობის“  ბოლოდროინდელ მცდელობას უკავშირდება, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია დაიძაბოს.

 

„ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია ცდილობს, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია. არ ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც რეგიონებში ხდება, კამპანიის დროს მივარდნებსა და მცდელობებზე, რომ შეხვედრები ჩაიშალოს. ისინი თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ და სხვადასხვა თემებს იგონებენ. ჯერ დაიწყეს გამოსვლებით, რაც ჩაუვარდათ. შემდეგ, ახალი თემა შემოიტანეს „ომეგასთან“ დაკავშირებით, რომ თითქოს, ხელისუფლება ამ კონკრეტულ კომპანიას ტელევიზიას ართმევდა. ეს სასაცილოა, რადგან „ომეგა“ თავის მფლობელს არ უნდა და მთავრობას საერთოდ რაში სჭირდება?!

 

შემდეგ ააგორეს ის თემა, თითქოს, ხელისუფლება ბიზნესს ართმევდა ამ კონკრეტულ ბიზნესმენს. ბიძინა ივანიშვილმა ის სახლში მიიწვია, ეჭვობდა, რომ საუბარს იწერდა და ოთხი მილიონის გამორთმევა თვალით ანიშნაო. მე  ივანიშვილის ადვოკატი ვერ ვიქნები, თუმცა ადამიანს, ჩვენს ქვეყანაში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული და ეს აუდიტორულად დადასტურებულია. საზოგადოებამ და ქვეყნის მოსახლეობამ ეს ყველაფერი იცის. შემდეგ, შემოიტანეს სუბელიანის თემა და მოსახლეობას მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები აჩვენეს. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყანაში რეალური სიტუაცია „მოდელირებული ქრონიკების“ გზით შეცვალონ, რაშიც კარგი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

 

„კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს. ვინც რაიმე უკანონო ნაბიჯს გადადგამს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ეს კონკრეტული მანიფესტაცია მათთვის კულმინაციაა, რომ ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ. მოდელირებული და შეთითხნილი ჩანაწერებით  არეულობის მოწყობა ვერ შეძლეს, ახლა კი, ამ აქციით ცდილობენ. ეს, რა თქმა უნდა, მერიის კომპეტენციას ცდება და დეტალებში არ შევალ. იმედია, შესაბამისი სამსახურები ამის შესახებ მომდევნო დღეებში სიღრმისეულად ისაუბრებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner