logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ცოტა ზემოდან ქვევით უყურებენ რა შეუძლია პრეზიდენტს, ძალიან ბევრი შეუძლია
- +

20 ოქტომბერი. 2018. 21:44

 

 

„ცოტა ზემოდან ქვევით უყურებენ, რომ რა შეუძლია პრეზიდენტს. მე მგონი, რომ ძალიან ბევრი შეუძლია“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

მან ექიმებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ჯანდაცვის სფეროში ევროპულ მოდელზე უნდა გადავიდეს.

 

„მინდა გითხრათ როგორი საქართველო წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს ამ 6 წლის მანძილზე ის, რაც ჩვენი გასაკეთებელი იქნება. როცა ვამბობ ჩვენი, თქვენ ძალიან დიდი წვლილი გექნებათ თუ ამ გზაზე წავედით, მეორე ასევე მინდა მოვისმინო თქვენგან რა გვჭირდება და რა გვაკლია. ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიდეთ ევროპულ მოდელზე. ეს არის მოდელი, რომელმაც ყველანაირად გაამართლა და რომელიც დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდობა, თუნდაც საზოგადოება დაცულია ჯანმრთელობის კუთხით ისე, როგორც უნდა იყოს. ბევრი რამე გაკეთდა ბოლო წლებში, ეს მნიშვნელოვანია, სადაზღვეო პაკეტები და ის, რაც შემოტანილი იქნა, თუნდაც C ჰეპატიტის კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანდაცვის კუთხით დაცულობა იმ დონეზე არ არის, როგორიც უნდა იყოს ამ ტიპის ქვეყანაში. მე მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ევროპული და თუ ჩვენ ევროპული მოთხოვნები გვაქვს, ეს სრულიად გამართლებულია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიონალების ჩართულობა.

 

„მე მაქვს ჩემი მოსაზრებები თუ რა სტრატეგიას უნდა გავყვეთ. ხშირად ამ ბოლო პერიოდის დებატებში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს არ აქვს დიდი უფლებამოსილებები, ბევრი დაკარგა ამ ახალი კონსტიტუციით და ცოტა ზემოდან ქვევით უყურებენ, რომ რა შეუძლია პრეზიდენტს. მე მგონი, რომ ძალიან ბევრი შეუძლია და სწორედ შეუძლია ბევრი ამ სოციალური, საზოგადოებრივი კუთხით. შეიძლება მეტი, ვიდრე პოლიტიკური კუთხით, მაგრამ პოლიტიკოსებმა მიხედონ პოლიტიკას. მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა მიხედოს საზოგადოების მოთხოვნებს და ამით შეავსოს, რისთვისაც ხელისუფლებას ნაკლები დრო გააჩნია, იმიტომ, რომ დატვირთულია იმ ყოველდღიური და ზოგჯერ კრიზისული გადაწყვეტილებებით, რომელიც ახასიათებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. ასე, რომ მე ძალიან მაკმაყოფილებს პრეზიდენტის დღევანდელი ფუნქციები, იმიტომ, რომ მას ამაზე ფიქრისთვის მეტი დრო აქვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს ის ტენდენცია, როცა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ადამიანები სხვა ქვეყანაში მიდიან, რადგან საქართველოში აღნიშნულ დახმარებას ვერ იღებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner