logo_geo
eng_logo
„თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“
- +

22 ოქტომბერი. 2018. 17:34

 

„თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე, 2008 წელს და იქ საუბარია ძალიან მძიმე რაღაცებზე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას.

 

მისივე თქმით, დავით ბაქრაძის განცხადება ტყუილია და ამას მმართველი გუნდი მტკიცებულებით დაადასტურებს.

 

„ეს არის ტყუილი და ამას ჩვენ მტკიცებულებით დავადასტურებთ. რაც შეეხება ჰააგის საქმეს, თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე, 2008 წელს და იქ საუბარია ძალიან მძიმე რაღაცებზე. ამაზე რანაირად შეიძლება ხელი მოაწერო და მერე როგორ შეიძლება, სხვებს ესაუბრო რაღაც-რაღაცებზე, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. ის, რაც გააკეთა მაშინ „ნაცმოძრაობამ“, 2008 წლის ოქტომბერი იყო, თუ არ ვცდები, ეს იყო დანაშაულზე დანაშაულის დამატება, ღალატზე ღალატის დამატება და როდესაც პირი გიბრუნდება და სხვას აბრალებ რაღაცებს ამ ყველაფრის ჩამდენი, ეს არის უბრალოდ უტიფრობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ დანაშაულს მეორე დანაშაული დაუმატა, რასაც, მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ჩამოირეცხავს.

 

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს „ნაცმოძრაობამ“, ამ დანაშაულს დაამატა მეორე დანაშაული იმ ტექსტით, რომელიც არის შეტანილი რეზოლუციაში. ამაზე მძიმე დანაშაულს საქართველოში ვერავინ ვერ ჩაიდენს. შეგახსენებთ, რა არის ამ დანაშაულის შედეგი, ეს არის ჩვენი დაკარგული ტერიტორიების სრული ოკუპაცია - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ამ დანაშაულის, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ დანაშაულის შედეგი არის ათიათასობით დევნილი, ასობით დაღუპული ადამიანი, ეს არის უბედურება, რომელიც დაატრიალა თავის დროზე სააკაშვილმა, „ნაცმოძრაობამ“, რომელთაც მისცეს რუსეთის ფედერაციას რუსული სცენარის განხორციელების საშუალება. ამ დანაშაულს, ვერავითარ შემთხვევაში, ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს „ნაცმოძრაობა“ და ესეც არის იმის მიზეზი, რომ 28 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს „ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველას ერთად, ქართველი ხალხი და ქართველი საზოგადოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner