logo_geo
eng_logo
არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში დიდი ქაოსი დაიწყება - სინოდის წევრი მრევლს აფრთხილებს
- +

8 ნოემბერი. 2018. 19:09

 

 

წმინდა სინოდის წევრი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა.

 

სასულიერო პირი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში „დიდი ქაოსი და დიდი დაპირისპირება" დაიწყება.

 

მისივე თქმით, ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა", „არ უნდა არსებობდეს". მღვდელმთავარმა მრევლს მოუწოდა, გაიხსენონ, რამდენი „ადამიანი დაიხვრიტა ქუჩაში". მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანას ბევრი ბოროტება მოუტანა და ის აღმშენებლობა, რომელიც სისხლით იყო შეღებილი, არაფრის მაქნისია".

 

„ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალის მოსვლა მოუტანს დიდ დესტაბლიზაციას ქვეყანაში", - ამბობს მეუფე გიორგი.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების" ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ერთ-ერთ ასეთ შეცდომას მღვდელმთავარი „სამართლიანობის არაღდგენას" ასახელებს, მრევლთან საუბარში ის ამბობს, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები იმედისმომცემია. მეუფე გიორგიმ ამის მაგალითად მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტზე უარის თქმა დაასახელა.

 

 

„დღევანდელი ხელისუფლება მივიდა უწმინდესთან, გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი, უნდა დავიჯეროთ ალბათ მათი გულწრფელობის", - თქვა სასულიერო პირმა და მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

 

ეს განცხადებები მეუფე გიორგიმ 4 ნოემბრის საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ სინოდის წევრებს და სხვა სასულიერო პირებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან და ამასთან დაკავშირებით პატრიარქის სპეციალური განცხადება 19 სექტემბერს გავრცელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner