logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: როს უილსონის რანგის დიპლომატის გამოგზავნა, მიანიშნებს, რომ აშშ-სთვის საქართველოსთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
- +

9 ნოემბერი. 2018. 18:19

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უილსონთან შეხვედრა საინტერესო და შინაარსიანი იყო.

 

ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში ისეთი რანგის დიპლომატის გამოგზავნა, როგორიც როს უილსონია, მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 

„შეხვედრაზე შევეხეთ ყველა თემას: თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე შესაძლებლობებს ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის, ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე. ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც ძალიან მწვავე რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მოგეხსენებათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთდა მძაფრი შეფასება. გვაქვს რწმენა, ეს შეფასებები მომავალშიც გაგრძელდება ყველა საერთაშორისო ფორმატში და ამერიკელ პარტნიორებთან ვითანამშრომლებთ, როგორც საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე რეგიონულ საკითხებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრის თქმით, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

 

„აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით მომავალში კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობები გვექნება“, -განაცხადა დავით ზალკანიანმა.

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობას დროებით როს უილსონი შეასრულებს. ელჩი როს უილსონი საქართველოში ამერიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულის სტატუსით საქმიანობას დღეიდან შეუდგა და პირველი გაცნობითი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner